რუსეთი

ნოვოსიბირსკსა და ტომსკში ნავალნის მოკავშირეები საქალაქო საბჭოში აირჩიეს

AFP

წინასწარი მონაცემებით, ნოვოსიბირსკსა და ტომსკში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა საქალაქო საბჭოში შესვლა შეძლეს.

ტომსკის საქალაქო საბჭოში შესვლა ორმა ოპოზიციონერმა შეძლო. ერთ-ერთი, 28 წლის ქსენია ფადეიევა, ნავალნის ტომსკის ოფისის ხელმძღვანელია. ნოვოსიბირსკში საქალაქო საბჭოს წევრი გახდება ქალაქში ნავალნის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი, 37 წლის სერგეი ბოიკო. მან მმართველი პარტიისა და კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ ოპოზიციური ალიანსი შექმნა. ალიანსს საქალაქო საბჭოს არჩევნებში 30-მდე კანდიდატი ჰყავდა.

გუბერნატორების და საქალაქო საბჭოს წევრების არჩევნები რუსეთის რამდენიმე რეგიონში ჩატარდა. დამოუკიდებელი დამკვირვებლების თქმით, აღირიცხა დარღვევები.

მოწამვლამდე ნავალნი სწორედ ნოვოსიბირსკა და ტომსკში იმყოფებოდა, სადაც ის მოსახლეობას მოუწოდებდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ საერთო, ყველაზე ძლიერი კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი და იძიებდა რეგიონის მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობას. ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს, ტომსკი-მოსკოვის რეისის დროს გახდა. თვითმფრინავი ომსკში დაეშვა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნი რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იყო. ის სამკურნალოდ ომსკიდან ბერლინში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ექიმების მტკიცებით, ნავალნი მოწამლული არ იყო, გერმანიაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად მის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოაჩინეს. ნოვიჩოკი რუსული წარმოების ქიმიური იარაღია, რომლითაც წარსულში დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მოწამლეს. ნავალნი კომიდან გამოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

კომენტარები