არჩევნები 2020

ბოკერია NDI-ის კვლევაზე: კვლევის მთავარი გზავნილი ხალხის დაკვეთაა გარდამტეხ ცვლილებებზე

ტაბულა

ევროპული საქართველოს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგა ბოკერია NDI-ს ახალი კვლევის შეფასებისას ამბობს, რომ კვლევის მთავარი გზავნილი  ხალხის დაკვეთაა ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებზე. 

ბოკერიას შეფასებით, კვლევის პასუხები სრულიად საპირისპიროა ივანიშვილის განცხადების, რომელმაც თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით შეძლო.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია უარი პასუხზე პოლიტიკურ პარტიებზე კითხვისას, რაც სიმპტომატურია თავისთავად, მთავარი გზავნილი რაც არის ამ კვლევაშიც, არის დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე, შეცვლაზე ამ ვითარების, ანუ სრულიად საპირისპირო სურათი იმის, რაც მოვისმინეთ ამ შეურაცხმყოფელი ქედმაღლობის ივანიშვილისგან, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი არ შეიცვლება. 

ეს ცვლილებებია მოსატანი ქვეყანაში და ამ ცვლილებებს ითხოვს ხალხი და ჩვენ ვაპირებთ, რომ სწორედ ეს მოლოდინი დავაკმაყოფილოთ ჩვენი ცვლილებების გეგმით". – ამბობს ბოკერია. 

ხვალ რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის შედეგები

კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ, თუ არა ვის მისცემდით ხმას"? – 36% პასუხობს "დიახ", 59% – "არა". 3%-მა არ იცის, ხოლო 1%-ს არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა. 

ასევე, კითხვას, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?" 88% დადებითად პასუხობს, 12% კი უარყოფითად. 

NDI-ის კვლევით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. კვლევის მიხედვით, კონკრეტული პარტია მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა, 64% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 9% არცერთ პარტიას ირჩევს. 

კომენტარები