NDI-ის კვლევა

მდინარაძე NDI-ის კვლევაზე: სინამდვილეში არანაირი კვლევა ეს არ არის

ტაბულა

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი, მამუკა მდინარაძე NDI-ს ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ სინამდვილეში არანაირი კვლევა ეს არ არის. მისი თქმით, ამ მონაცემებს ადამიანები ოფისებიდან და ოთახებიდან წერენ, თორემ სხვა შემთხვევაში "არჩევნების რეალურ შედეგებს 20-25%-ით არ აცდებოდნენ". 

"სინამდვილეში არანაირი კვლევა ეს არ არის. კაბინეტებში, ოთახებში სხედან და იქიდან წერენ ამ მონაცემებს, თორემ სხვა შემთხვევაში სხვანაირი პასუხები იქნებოდა, კვლევის შედეგები იქნებოდა და 20-25%-ით არ აცდებოდა ხოლმე მერე საარჩევნო რეალობას და შედეგებს. აი, ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები პირველ რიგში მოგვევლინებიან ხოლმე სხვა კომპონენტების სახით, ანუ პოლიტიკურ რეიტინგებს დებენ ბოლოს, ჯერ აჩენენ ნდობას.

ნუ გასაგებია, რომ ქართულ ეკლესიას, ქართულ ჯარს აქვს ხოლმე ყველაზე მაღალი რეიტინგი, ამას გამოგვიქვეყნებენ ჯერ და მერე გადადიან იმაზე, როგორი დაბალია ვთქვათ, მმართველი პარტიის მონაცემები". – ამბობს მდინარაძე. 

ხვალ რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის შედეგები

კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ, თუ არა ვის მისცემდით ხმას"? – 36% პასუხობს "დიახ", 59% – "არა". 3%-მა არ იცის, ხოლო 1%-ს არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა. 

ასევე კითხვას, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?" 88% დადებითად პასუხობს, 12% კი უარყოფითად. 

NDI-ის კვლევით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. კვლევის მიხედვით, კონკრეტული პარტია მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა, 64% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 9% არცერთ პარტიას ირჩევს. 

კომენტარები