ახალი კორონავირუსი საქართველოში

შავიშვილი: აჭარაში კლასტერული ხედვა აღარაა, ვირუსი გავრცელებულია საზოგადოების ყველა ფენაში

"კლასტერული ხედვა აღარ არის, იმიტომ, რომ არის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაში". – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი.

შავიშვილის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მისივე ცნობით, ამ დროისთვის ჰოსპიტალებში 238 პაციენტია. საკარანტინო სივრცეში კი 97 უსიმპტომო პაციენტი რჩება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 392 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები