ალექსეი ნავალნის მოწამვლა

ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, მან საწოლიდან წამოდგომაც შეძლო

ალექსეი ნავალნი

ბერლინის კლინიკის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც მოწამლეს, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და მან საწოლიდან წამოდგომაც შეძლო.

ალექსეი ნავალნი მკურნალობას გერმანიაში განაგრძობს. 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი სრულად მოვიდა გონზე. ნავალნი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გერმანელმა ექიმებმა 7 სექტემბერს გამოიყვანეს.

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა. თავდაპირველად მას რუსი ექიმები ომსკის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რუსული წარმოშობისაა. ამავე ნერვული აგენტით მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალებიც.

დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა შვედეთსა და საფრანგეთში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლა დაადასტურეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსი მაღალჩინოსნების მიერ ყოფილიყო დაკვეთილი. ნატომ რუსეთს მოუწოდა, სრული ინფორმაცია მიაწოდოს  შესაბამის ორგანოებს ნერვული აგენტის ნოვიჩოკის პროგრამის შესახებ  და გამოიძიოს მომხდარი. ნავალნის მოწამვლა დაგმეს ევროკავშირის და დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა.

რუსეთი ნავალნის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტს უარყოფს.

კომენტარები