ქუთაისის მერია

კახიძე: ქუთაისის მერიამ კორუფციული სქემა დააორგანიზა და ბიუჯეტიდან მილიონები მოიპარა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე, ქუთაისის მერიის კორუფციულ სქემებზე საუბრობს.

ოთარ კახიძის თქმით, ქუთაისის მერიამ დააორგანიზა კორუფციული სქემა და ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონები მოიპარა, ინფასტრუქტურული სამუშაოები კი უხარისხოდ შესრულდა.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წელს გამოავლინა მასშტაბური კორუფციის ფაქტები ქუთაისის მერიაში. ქუთაისის მერიამ ე.წ. სოციალური საცხოვრისის ორმილიონნახევრიანი ტენდერის პირობები მოარგო კონკრეტული იურიდიული პირის, შპს "სანოს" ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ფართის შესყიდვას კონკურსის პირობები და მოთხოვნები არ ითვალისწინებდა, მერიამ შპს "სანოს" დამატებით გადაუხადა 1 მლნ 800.000 ლარი". – თქვა კახიძემ.

დეპუტატის თქმით, მერიამ სოციალური საცხოვრისი შეისყიდა არასაბაზრო ფასად. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს, მერიამ კი გადაიხადა 1000 ლარი. კახიძემ აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურმა გამოავლინა ეს დარღვევები, თუმცა დღემდე საოლქო პროკურატურას არავინ გამოუვლენია ისეთი, ვინც მოიპარა რამდენიმე მილიონი ქალაქის ბიუჯეტიდან.

"ექსპერტის დასკვნით, დათვლილ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებულ სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 2.0 მლნ ლარს. გარდა იმისა, რომ კორუფციული სქემა დააორგანიზეს და ქუთაისის ბიუჯეტიდან მილიონები მოიპარეს, მერიამ სოციალური საცხოვრისი მოაწყო უხარისხოდ. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს. მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი პირობები". – ამბობს კახიძე.

კომენტარები