ნოვიჩოკი

კრემლის პრობლემების საბჭოთა წამალი - რა არის "ნოვიჩოკი"?

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბოლოა მათ შორის, ვინც რუსული ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით მოწამლეს, თუმცა, სავარაუდოდ, არა უკანასკნელი. ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებისათვის არასასურველი პიროვნება ქიმიური იარაღით თავდასხმის მსხვერპლი გახდა. 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ამავე ნივთიერებით მოწამლეს ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი.

ამრიგად, ნოვიჩოკის წარმომავლობის, შექმნის ისტორიისა და ქიმიური შემადგენლობის თემა აქტუალური გახდა, თუმცა, მის შესახებ ბევრად ადრე იყო ცნობილი.


ფოტო: Reuters

ნოვიჩოკი ქოლინესტერაზის ინჰიბიტორების კლასს მიეკუთვნება და ის თხევადი, ფხვნილის და აეროზოლის სახით არსებობს. შესაბამისად, მისით ადამიანის მოწამვლა სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. რუსეთს მომწამლავი ნივთიერების სხვადასხვა ვარიანტები აქვს და შეუძლებელია იმის თქმა, გამოიყენეს თუ არა ის წარსულში, სკრიპალების საქმემდეც. გარდაცვლილი ადამიანის ორგანიზმში მისი პოვნა რთულია, რადგან სიკვდილი გულის შეტევით გამოწვეულს ჰგავს.

არსებობს მოსაზრება, რომ ნოვიჩოკი ჯერ კიდევ 1995 წელს რუსი ბიზნესმენის, ივან კივილიდისა და მისი მდივნის მოსაკლავად გამოიყენეს. ოფიციალური ვერსიით ისინი კადმიუმით მოწამლეს, თუმცა სოლსბერის შემთხვევის შემდეგ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეალურად ეს ნივთიერება ნოვიჩოკი იყო. ნოვიჩოკი, სავარაუდოდ, კივილიდის ოფისის ტელეფონზე იყო დატანილი. ის საავადმყოფოში მოხვედრიდან 3 დღეში გარდაიცვალა, ერთ თვეში კი იმავე სიმპტომებით დაიღუპა მისი მდივანი, ზარა ისმაილოვა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომწამლავი ნივთიერების, ნერვული აგენტის ფორმულა გასაიდუმლოებული იყო. რუსეთის სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა, კივილიდის ბიზნეს პარტნიორმა ვლადიმირ ხუციშვილმა ნივთიერება, შუამავლების მეშვეობით, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო ინსტიტუტის თანამშრომლისგან შეიძინა.

2015 წელს სოფიაში ასევე, სავარაუდოდ, ნოვიჩოკით მოწამლეს ბულგარელი იარაღით მოვაჭრე, ემილიან გებრევი. მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ მის შვილს და მისივე კომპანიის ერთ-ერთ დირექტორსაც. გებრევის მოწამვლაში ეჭვმიტანილია GRU-ს ის აგენტი, რომელიც სკრიპალების საქმეშიც ფიგურირებს.

სკრიპალებზე თავდასხმის შედეგად მოიწამლა პოლიციელი და ორი პირი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. საწამლავის ნარჩენებთან კონტაქტის შედეგად მოიწამლა კიდევ 2 პირი, მათგან ერთი გარდაიცვალა.

იულია სკრიპალი/სერგეი სკრიპალი

სოლსბერის თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთმა მის მფლობელობაში არსებული ყველა ქიმიური იარაღი გაანადგურა. ის აშშ-ს აკრიტიკებდა და მოუწოდებდა, იგივე ნაბიჯი გადაედგათ.

2017 წლის სექტემბერში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ რუსეთმა სრულად გაანადგურა მის საკუთრებაში არსებული ქიმიური იარაღი, თუმცა ნოვიჩოკი ამ დროისთვის ორგანიზაციის მიერ აკრძალული ქიმიური იარაღის სიაში არ შედიოდა, რადგან მისი ქიმიური შემადგენლობა დაზუსტებით არ იცოდნენ. ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერების 3 ფორმულა ქიმიური იარაღის კონვენციის მიერ აკრძალულ ნივთიერებათა სიაში მხოლოდ 2019 წელს შევიდა. სიაში შესვლის შემდეგ კონვენციის ხელმომწერ არც ერთ ქვეყანას, მათ შორის რუსეთს არ აქვს უფლება აწარმოოს, შეინახოს ან გადაიტანოს მსგავსი ფორმულის მქონე ნივთიერებები. გამონაკლისს მხოლოდ სამეცნიერო კვლევა წარმოადგენს, რომელიც ორგანიზაციასთან უნდა იყოს შეთანხმებული.

მსგავსი ფორმულები 1990-იან წლებში დისიდენტმა საბჭოთა ქიმიკოსმა, ვილ მირზაიანოვმა გამოაქვეყნა. მან სკრიპალებზე თავდასხმის შემდეგ ნოვიჩოკის შესახებ დასავლურ მედიასთან ისაუბრა. ის ამბობდა, რომ ნოვიჩოკი, რომელიც ნერვულ აგენტ VX-ზე 10-ჯერ უფრო ძლიერია, საბჭოთა კავშირში, ცივი ომის ბოლო პერიოდში შეიქმნა. ნერვული აგენტი VX ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის მოსაკლავად გამოიყენეს.

ვილ მირზაიანოვი

“შოკში ვიყავი, ყველაზე ცუდ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ქიმიურ იარაღს, რომელიც ჩემი მონაწილეობით შეიქმნა, ტერორისტულ იარაღად გამოიყენებდნენ”. - თქვა მირზაიანოვმა დიდ ბრიტანეთში მომხდარი თავდასხმის შემდეგ.

დისიდენტი მეცნიერი ამბობდა, რომ პროგრამა “ფოლიანტის” ფარგლებში საბჭოთა კავშირში დიდი რაოდენობით ნერვული აგენტი შექმნეს, რასაც რუსეთი ამ დრომდე არ აღიარებს. ГосНИИОХТ-ის (ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების კვლევითი ეროვნული ინსტიტუტი) დირექტორმა, ვიქტორ პეტრუნინმა 1991 წელს ამისათვის გორბაჩოვისგან ლენინის პრემიაც მიიღო.

“ნოვიჩოკი შექმნეს, შეისწავლეს და მასზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ის ტონობით აწარმოეს მხოლოდ რუსეთში. ეს არავინ იცოდა მსოფლიოში."- ამბობს მირზაიანოვი.

ის ადასტურებს, რომ ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი მხოლოდ რუსეთს აქვს. რუსეთი ნოვიჩოკის არსებობას ქიმიური იარაღის კონვენციის ხელმოწერის შემდეგაც მალავდა. მირზაიანოვმა ახალი თაობის ქიმიურ იარაღზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ის დააკავეს, თუმცა დასავლეთის ზეწოლის შემდეგ გაათავისუფლეს და ამჟამად ის აშშ-ში ცხოვრობს.

“მხოლოდ რუსებმა შექმნეს ამ ტიპის ნერვული აგენტი. ისინი ამას საიდუმლოდ ინახავდნენ და დღემდე მალავენ”. - ამბობს ის

ამერიკულმა ლაბორატორიებმა ქიმიურ იარაღზე მუშაობა 1970 წლისთვის შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც უკვე შექმნილი იყო ე.წ. მესამე თაობის ნერვული აგენტები, როგორებიცაა სარინი და VX. საბჭოთა კავშირში კი მეოთხე თაობის ნერვულ აგენტებზე მუშაობა კიდევ ორი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთი ნოვიჩოკზე მუშაობას სასოფლო-სამეურნეო მიზნებით ქიმიური ნივთიერებების წარმოებად ნიღბავდა, რადგან მომწამლავი ნივთიერება ორი უვნებელი ნაერთის შერევით მზადდება.

მირზაიანოვის ინფორმაციით, ქიმიური იარაღის პროგრამაზე 30-დან 40 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, აქედან 1 000 კონკრეტულად ნოვიჩოკზე. ექსპერიმენტები ცხოველებზე ტარდებოდა, მათ შორის თაგვებზე, ვირთხებზე და ძაღლებზე. მირზაიანოვის თქმით, ნოვიჩოკი ნერვულ სისტემას ურტყამს, შეუძლებელს ხდის სუნთქვას, არღვევს კავშირს ტვინს, შინაგან ორგანოებსა და კუნთებს შორის და მსხვერპლს განუზომელ ტკივილს აყენებს.

ნოვიჩოკზე მომუშავე ერთ-ერთმა ქიმიკოსმა, ანდრეი ჟელეზნიაკოვმა შემთხვევით ნივთიერების კვამლი შეისუნთქა, რის შედეგადაც 10 დღის განმავლობაში უგონოდ იყო. მას ანტიდოტი შეუყვანეს, თუმცა, მოგვიანებით ეპილეფსიითა და დეპრესიით იტანჯებოდა, აწუხებდა სისუსტე, ღვიძლის ანთება, რამაც შემდგომში ციროზი გამოიწვია ასევე, არ შეეძლო კითხვა ან კონცენტრაცია, რის გამოც მუშაობას ვეღარ ახერხებდა. ჟელეზნიაკოვი შემთხვევიდან 5 წელში გარდაიცვალა.

ანდრეი ჟელეზნიაკოვის ისტორია "ნოვოე ვრემიაში" დაიბეჭდა

“ანტიდოტი არსებობს, მაგრამ რას ნიშნავს ანტიდოტი? ადამიანს გადაარჩენ, მაგრამ დროებით. ის იმ მომენტში არ მოკვდება, მაგრამ მთელი დარჩენილი ცხოვრება ინვალიდი იქნება”. - ამბობს მირზაიანოვი.

ნოვიჩოკი ორგანოფოსფატის აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორების კლასს მიეკუთვნება. ისინი ახშობენ აცეტილქოლინესტერაზის ენზიმას, რაც ხელს უშლის ნეიროტრანსმიტერი აცეტილქოლინის დაშლას. შედეგად მისი კონცენტრაცია ორგანიზმში იზრდება, რაც ყველა კუნთის უნებლიე შეკუმშვას იწვევს. შედეგად მსხვერპლისთვის შეუძლებელი ხდება სუნთქვა და, შესაძლოა, მას გულის შეტევა დაემართოს.

ანტიდოტი, რომლითაც ნავალნის უმკურნალეს ატროფინია. ატროფინი ბლოკავს იმ რეცეპტორებს, რომლებზეც აცეტილცოლინი მოქმედებს. პრობლემა ისაა, რომ რთულია ატროფინით მკურნალობა ისე, რომ დოზა ეფექტური იყოს ნერვული აგენტის წინააღმდეგ და ამავდროულად, არ გამოიწვიოს მწვავე გვერდითი ეფექტები.

დროთა განმავლობაში ორგანიზმი ნერვული აგენტის მოქმედებას თავად უწევს წინააღმდეგობას, თუმცა, მანამდე შესაბამისი მკურნალობის გარეშე მაღალია ასფიქსიის, გულის გაჩერებისა და სიკვდილის რისკი.

ნავალნის ბერლინის საავადმყოფოში სწორედ ატროპინით მკურნალობდნენ. ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა მანამ, სანამ მკურნალობის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დასტაბილურდა. ამ დროისთვის ნავალნი კომიდან გამოვიდა და სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს. მან უკვე შეძლო პროკურორთან საუბარი და განაცხადა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში დაბრუნებას გეგმავს. ნოვიჩოკით მოწამვლის ხანგრძლივი ეფექტი მოწამვლის სიმძიმეზეა დამოკიდებული. იშვიათია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, თუმცა მსხვერპლს, შესაძლოა, აწუხებდეს კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, კუნთების სისუსტე და დეპრესია.

გონზე მოსვლის შემდეგ ნავალნიმ სოციალურ ქსელში ბერლინის საავადმყოფოდან ფოტო გამოაქვეყნა

ვარაუდობენ, რომ ნავალნის მოსაწამლად ჩაი გამოიყენეს. სკრიპალების შემთხვევაში მომწამლავი ნივთიერების ყველაზე დიდი კონცენტრაცია მათი სახლის კარზე აღმოაჩინეს და ვარაუდობენ, რომ ნოვიჩოკი სწორედ სკრიპალების სახლის სახელურზე იყო დატანილი. ნოვიჩოკის სხეულში მოხვედრა შესაძლებელია, როგორც სასუნთქი გზებით ან მოწამლული ნივთიერების მიღებით, ასევე კანიდან. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ეფექტის გამოვლენას დრო სჭირდება, სანამ ის ფორებიდან ორგანიზმში შეაღწევს. იმაზე, თუ როგორ გადარჩნენ სერგეი და იულია სკრიპალები, რამდენიმე ვარაუდი არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით მათ ხელი დაიბანეს, რითიც კანზე ნოვიჩოკის რაოდენობა შემცირდა, ასევე ვარაუდობენ, რომ შეცდომა დაუშვეს საწამლავის დატანისას. კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, დოზა განზრახ იყო არასასიკვდილო და მოწამვლა ერთგვარი მესიჯი იყო კრემლის მხრიდან.

თუმცა, ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ნოვიჩოკი არაპროგნოზირებადი და ზედმეტად ლეტალურია იმისათვის, რომ მხოლოდ დასაშინებლად გამოიყენო. არ არსებობს შედარებით უსაფრთხო დოზა და მოწამვლის სიმძიმე მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოუჩენენ მსხვერპლს შესაფერის სამედიცინო დახმარებას. გარდა ამისა, რთულია ნერვული აგენტის მხოლოდ სამიზნე პირზე გამოყენება. სკრიპალების და სხვა მაგალითებიდან ჩანს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში დაშავდნენ სხვა პირებიც, რომლებიც თავდასხმის სამიზნეს არ წარმოადგენდნენ.

ის ფაქტი, რომ ნოვიჩოკის სამიზნე პირები გადარჩნენ, ადასტურებს, თუ რამდენად რთულია სასიკვდილო დოზის მალულად მიწოდება, გარშემომყოფთა და თავად თავდამსხმელთა ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.

მიუხედავად არსებული სამხილებისა, კრემლი კვლავ უარყოფს ნოვიჩოკით მოწამვლის შემთხვევებთან კავშირს. მეტიც, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იური შვიტკინი ირწმუნებოდა, რომ ნოვიჩოკს არა რუსეთი, არამედ აშშ ამზადებდა, თანაც საქართველოს ლაბორატორიებში.

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში მირზაიანოვმა ისაუბრა შესაძლებლობაზე, რომ ქიმიური იარაღი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დარჩენილიყო, მაგალითად, საქართველოსა და უზბეკეთში.

“ეს ცარიელი საუბარია. საბჭოთა კავშირი 27 წლის წინ დაინგრა და თუ სადმე, რომელიმე რესპუბლიკაში ნოვიჩოკი იყო, ის დიდი ხანია დაშლილი იქნება და იარაღად არ გამოდგება. ნებისმიერი ქიმიური მომწამლავი ნივთიერება იშლება და არ არსებობს ნაერთი, რომელიც თვისებებს დიდი ხნით ინარჩუნებს. პირველ წელს ის 2%-ს კარგავს, შემდეგ 3%-ს და საბოლოოდ დაშლის პროცესი ჩქარდება. ამიტომ არის მომწამლავი ნივთიერებების შენახვა დიდი პრობლემა და უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისი წარმოება”. - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ 1999 წელს უზბეკეთში აშშ-ს თავდაცვის ექსპერტების ჯგუფი ჩავიდა. მათ მისიას ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი ქიმიური იარაღის გამოსაცდელი დაწესებულების დაშლა წარმოადგენდა. ინსტიტუტში, რომელიც სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარეობდა, მხოლოდ რუსები მუშაობდნენ. მათ ტერიტორია 1993 წელს დატოვეს და თან წაიღეს აღჭურვილობისა და დოკუმენტების დიდი ნაწილი. გამოცდებს რუსი მეცნიერები არალის ზღვაში მდებარე კუნძულ ვოზროჟდენიაზე ატარებდნენ და აქვე დამარხეს ასობით ტონა მომაკვდინებელი ბაქრეტია ანტრაქსი (ჯილეხის ანუ ციმბირის წყლულის ბაქტერია). ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სწორედ აქ ხდებოდა ახალი თაობის მომაკვდინებელი ქიმიური იარაღის, ნოვიჩოკის კვლევა. პროექტისათვის აშშ-ს კონგრესმა 6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

ნუკუსის კვლევითი ცენტრი
ფოტო: Andrew Weber / Spiegel

ინფორმაციას, რომ ნოვიჩოკის გამოცდა უზბეკეთში ხდებოდა, მირზაიანოვიც ადასტურებს. 1989-90 წლებში სწორედ ნუკუსში შეიქმნა საბჭოთა არმიის მიერ სანქცირებული ნოვიჩოკ-5, რომელიც VX-ის ეფექტურობას 8-ჯერ აჭარბებდა. ახალი თაობის ნერვული აგენტის შექმინის ძირითადი მიზანი იყო გაზრდილი ეფექტურობა და მისი მარტივად დამალვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლური დაზვერვისგან. მირზაიანოვი ფიქრობს, რომ ნოვიჩოკის დახვეწაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე რთულია იმის დაჯერება, რომ ნოვიჩოკის ხელში ჩაგდება და მისი გამოყენება რუსეთის უშიშროების სამსახურების, სულ მცირე, საქმის კურსში ჩაყენების გარეშე შესაძლებელია.

კომენტარები