ევროკავშირი-ბელარუსი

ბორელი: ჩვენ არ ვცნობთ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად

"ჩვენ არ ვცნობთ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად". – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ბელარუსი მომიტინგეების "სასტიკი დარბევა" კიდევ გრძელდება - "7 500-ზე მეტი მშვიდობიანი მომიტინგე დაიჭირეს, წამების 500 საქმე აღირიცხა, საკოორდინაციო საბჭოს ყველა წევრი დააკავეს ან ქვეყნიდან წასვლა აიძულეს, ნობელის ლაურეატის მფლობელის, ქალბატონი ალექსიევიჩის გამოკლებით".

მან ევროკავშირის მიერ ბელარუსის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების მიღება კიდევ ერთხელ დააანონსა. ბორელმა ბელარუსის ლუკაშენკოს მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა იპოვონ გზა, რათა ძალადობა, უკანონო დაკავებები დასრულდეს. მათ, ასევე, ეროვნული დიალოგის გამართვისკენ მოუწოდა. 

ჯოზეფ ბორელმა ბელარუსი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ამჟამად ევროკავშირი-ბელარუსი ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. 

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების 31 წევრს, მათ შორის ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებსევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. ამჟამად აშშ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

კომენტარები