Edison Research

კაპანაძე Edison Research-ზე: შედეგები იმის კარგი მანიშნებელია, რომ სწორ გზაზე ვართ

ევროპული საქართველო

პარტია ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში Edison Research-ის გამოკითხვაზე ილაპარაკა და თქვა, ევროპული საქართველოს რეიტინგმა აიწია და ამას განიხილავენ, როგორც საბაზისო ხმებს და არა, საბოლოო ხმებს. 

მისივე თქმით, მოსახლეობას გარდამტეხი, ფუნდამენტური ცვლილებები უნდა. 

"ჩვენთვის ეს შედეგები კარგი მანიშნებელია იმისა, რომ ვართ სწორ გზაზე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აგვეწია რეიტინგი - რაც ცალსახაა, ამ კვლევებიდან და სხვა კვლევებიდანაც ჩანს, რომ მოსახლეობას უნდა ცვლილებები. გადამწყვეტი, გარდამტეხი ცვლილებები. არ უნდა ამ გზით სიარული, როცა ივანიშვილი გვეუბნება რომ ყველაფერი კარგადაა და იმ პარტიებს შორის, რომლებიც ცვლილებებს სთავაზობენ, ევროპული საქართველო არის გამორჩეული". – ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება მოდის ქვემოთ, ოპოზიციური პარტიები მიდიან ზემოთ, მათ შორის ევროპული საქართველო". 

კაპანაძე აღნიშნავს, რომ როცა არჩევნებზე მისვლის განზრახვა მაღალია, ეს უკმაყოფილების ხარისხთან პირდაპირპროპორციულია.

"როცა მოსახლეობა კმაყოფილია, როგორც წესი, არჩევნებზე წასვლით თავს არ იკლავს. როცა ცვლილებების მოლოდინია, მაშინ არის, როდესაც გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ არჩევნებზე წავლენ. ამიტომ, ეგ მაჩვენებელი ოპტიმისტურია. 2012-ში ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ამომრჩევლის, გამომდინარე იქიდან, რომ უკმაყოფილო იყო წინა ხელისუფლების - მივიდა არჩევნებზე და კიდეც დამარცხდა წინა ხელისუფლება. მსგავსი სურათია ახლაც. მზაობა ცვლილებებისთვის ძალიან დიდია".  

მისივე თქმით, ის რომ პარტიის პროევროპული ორიენტაცია მოსწონს ამომრჩეველს, ეს გასაგებია და კითხვები არ არსებობს, რადგან ეს არის მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგია, რომელიც ევროპულ საქართველოს აქვს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 38% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 15% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6% ევროპულ საქართველოს

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

კომენტარები