იაპონია

იაპონიის ახალი პრემიერმინისტრი იოშიჰიდე სუგა გახდა

იოშიჰიდე სუგა

იაპონიის პარლამენტმა ახალ პრემიერმინისტრად იოშიჰიდე სუგა აირჩია. მან 462-დან 314 ხმა მიიღო. სუგას და მის მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცების ცერემონია საიმპერატორო სასახლეში გაიმართება.

14 სექტემბერს იაპონიის მთავრობის ადმინისტრაციის მთავარი მდივანი, იოშიჰიდე სუგა, მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გახდა.

მმართველ პარტიას სუგა, ყოფილი პრემიერმინისტრის, შინძო აბეს ვადის ამოწურვამდე, 2021 წლის ოქტომბრამდე გაუძღვება. აბემ პოსტი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა.

იოშიჰიდე სუგამ მადლობა გადაუხადა შინძო აბეს და პირობა დადო, რომ აბეს პოლიტიკურ კურსს გააგრძელებდა. მმართველი პარტიის ახალი ლიდერი აპირებს ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ შემუშავებული ეკონომიკური პოლიტიკის, "აბეკონომიკის", სტრატეგია გააგრძელოს, პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებს გაუმკლავდეს და ებრძოლოს იაპონიაში ერის დაბერებისა და დაბალი შობადობის პრობლემებს.

იოშიჰიდე სუგა აკიტაში ფერმერის ოჯახში დაიბადა. პოლიტიკური კარიერა მან ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრობით დაიწყო. 2012 წლიდან მას მთავრობის ადმინისტრაციის მთავარი მდივნის პოსტი ეკავა. წლების მანძილზე ის პრემიერმინისტრ შინძოს აბეს მარჯვენა ხელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იოშიჰიდე სუგას კულისებს მიღმა მოქმედი ადამიანის იმიჯი უფრო ჰქონდა, ვიდრე აქტიური ლიდერისა, პარტიის მმართველის პოზიციაზე თავისი კანდიდატურის წამოყენების შემდეგ მან მალევე მოიპოვა პოპულარობა და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციების მხარდაჭერა.

კომენტარები