კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების 144 ახალი შემთხვევაა, თბილისში 29, ქუთაისში კი 7

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევიდან ბათუმში 144 გამოვლინდა, ქობულეთში - 1. თბილისში ინფიცირების 29 ახალი შემთხვევაა. იმერეთში, ქუთაისში 7 შემთხვევა დადასტურდა, საჩხერეში კი - 1. შიდა ქართლში, გორში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაბანში კი 3 პაციენტს. ეზუგბაიას ინფორმაციით, გურიაში, ოზურგეთში COVID-19-ით ინფიცირების 4 შემთხვევაა, ზუგდიდში - 2, ფოთში 1, მცხეთაში კი 1. 

"დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ. იმედი გვაქვს, რომ შემთხვევების შემცირება და ლოკალიზება მალე მოხდება. ალბათ ლიკვიდაციაც მალე უნდა მოხდეს". – ამბობს ეზუგბაია. 

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 758 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 412 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები