ქართული მარში

ბრეგაძე: კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში

პროპუტინისტური, ძალადობრივი პარტიის, ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში თავის კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ ბრეგაძემ Facebook-ზე დაწერა. 

კანდიდატურის მოხსნის მიზეზად, ის, პატრიოტთა ალიანსის მიერ გლდანში კონკურენტის დაყენებას ასახელებს. 

"მოგეხსენებათ, რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად. გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა. ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ. სიმართლეს ვიტყვი - ამას არ ველოდი!

ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში, რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ. მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი". – წერს ბრეგაძე.

პატრიოტთა ალიანსმა მაჟორიტარობის კანდიდატად გლდანში მერაბ ჭიქაშვილი დააყენა. გლდანში ქართული ოცნების კანდიდატი გლდანის მოქმედი მაჟორიტარი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილია, ოპოზიციის საერთო კანდიდატი - ნიკა მელია, ლელოს - გიგლა მიქაუტაძე, ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის - ლაშა გიორგაძე. 

Edison Research -ის კვლევის მიხედვით, რომელიც გუშინ, 15 სექტემბერს გამოქვეყნდა, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ნიკა მელია, ენმ - 52%;

ლევან კობიაშვილი, ქართული ოცნება - 33%;

გიგლა მიქაუტაძე, ლელო - 12%.

ლაშა გიორგაძე - ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი - 2%;

სანდრო ბრეგაძე - ქართული მარში - 1%;

კომენტარები