ევროპული საქართველო

კაპანაძე: დაზოგვის ნაცვლად ქართული ოცნება ფულს ბიუროკრატიაზე ხარჯავს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება, ნაცვლად იმისა, რომ ფული ხალხისთვის დაზოგოს, ფულს ბიუროკრატიასა და თავის პარტიულ აქტივს ახმარს. ასე სერგი კაპანაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) ბოლო კვლევას გამოეხმაურა. 

დეპუტატის თქმით, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ პერიოდში ხელისუფლებამ ბიუროკრატიის შემცირებისა და სოციალური დახმარებების გაზრდის ნაცვლად, შტატგარეშე მოსამსახურეებისა და ბიუროკრატიული ხარჯების რიცხვი გაზარდა. 

"ამ კვლევის შედეგები შემაშფოთებელია და ეხება სწორედ იმაზე, რაზეც ევროპული საქართველო წლების განმავლობაში საუბრობს, რომ არის საჭიროება, რადიკალურად შემცირდეს სამთავრობო ხარჯები. ეს ფული უნდა დარჩეს ეკონომიკაში და მოხმარდეს ხალხს და არა დაქირავებულ, შტატგარეშე მოსამსახურეებს". – ამბობს სერგი კაპანაძე. 

დეპუტატის თქმით, აღმოჩნდა, რომ წლიდან წლამდე საშუალოდ 12%-ით იზრდება შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება სახელმწიფო უწყებებში. 

"კორონავირუსის პირობებშიც კი, ნაცვლად იმისა, რომ წელს მაინც მოეჭირათ ქამრები, როგორც ეს მათ ევროპულმა საქართველომ შესთავაზა, წელსაც ხელისუფლებამ გაზარდა ბიუროკრატიული ხარჯები 20 000 000 ლარით, ვიდრე ეს წინა წლის 6 თვეში იყო. 

ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ამ ფულს, არ ირჩევიან რაიმე კონკურსის წესით და იღებენ ძალიან დიდ ხელფასს. ეს თანხა შეიძლება გამოყენებულიყო მრავალ დარგში. ევროპული საქართველოს გეგმის მიხედვით, ეს ხარჯი, ბიუროკრატიული ხარჯი, შემცირდება 2 მლრდ. ლარით, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა დარჩება ეკონომიკას, ხალხს და არა ქართული ოცნების თანამდებობის პირებს და მათ ოჯახებს". – ამბობს სერგი კაპანაძე.

კომენტარები