როსკოსმოსი

როსკოსმოსი: ვენერა რუსული პლანეტაა

დმიტრი როგოზინი
The Moscow Times

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის, ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ვენერა რუსული პლანეტაა. როგოზინის განცხადება ორშაბათს Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს უკავშირდება, რომელთა თანახმადაც, ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირი აღმოაჩინეს, რაც პლანეტაზე მიკრობული სიცოცხლის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს.

HeliRussia-ს გამოფენაზე როგოზინმა აღნიშნა, რომ რუსი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ვენერა სიცოცხლის არსებობისთვის შეუსაბამოა.

"ჩვენი ქვეყანა იყო პირველი და ერთადერთი, რომელმაც ვენერაზე წარმატებული დაშვება განახორციელა. რუსულმა კოსმოსურმა ხომალდმა მოიპოვა ინფორმაცია პლანეტაზე - იქაურობა ჯოჯოხეთს ჰგავს". – თქვა დმიტრი როგოზინმა.

როსკოსმოსი გეგმავს ვენერაზე საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე დამოუკიდებელი ექსპედიცია გაუშვას. ამ დრომდე როსკოსმოსი 2026 ან 2031 წლისთვის გეგმავდა Venera-D მისიის ორგანიზებას, რომელიც აშშ-სთან თანამშრომლობით მზადდება.

ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შემდეგ რუსი მილიარდერის იური მილნერის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ, Breakthrough Initaitives-მა, განაცხადა, რომ პლანეტის ატმოსფეროში პრიმიტიული სიცოცხლის შესაძლო არსებობის გამოსაკვლევად კვლევას დააფინანსებდა.

Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირის კვალი აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს, რომ, შესაძლოა, ვენერაზე მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს.

ვენერაზე სიცოცხლის ფორმები არ აღმოუჩენიათ, თუმცა დედამიწაზე ფოსფინს გამოყოფენ ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადით ღარიბ გარემოში ცხოვრობენ, რაც აჩენს ვარაუდს, რომ მსგავსი ბაქტერიული სიცოცხლის ფორმა, შესაძლოა, ვენერაზეც იყოს. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ფოსფინი ჰავაიში ჯეიმს კლარკ მაქსველის ტელესკოპით აღმოაჩინა და ჩილეში რადიო ტელესკოპით გადაამოწმა.

ფოსფინის კონცენტრაცია ვენერის ატმოსფეროში ძალიან დაბალია. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ფოსფინის წარმოქმნის არაბიოლოგიური პოტენციური წყაროებიც, ვულკანური აქტივობა, მეტეორიტები, ელვა და სხვადახვა ქიმიური რეაქციებიც, ვერც ერთი მათგანი სათანადოდ ვერ ხსნის, ატმოსფეროში ფოსფინის არსებობას. ვენერაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობის ან ფოსფინის წარმოქმნის ალტერნატიული ახსნის დასადასტურებლად კვლევა გრძელდება.

კომენტარები