თურქეთი

თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 106 ადამიანი დააკავეს

ფეთჰულაჰ გიულენი
Reuters

თურქეთის პოლიციამ 106 ადამიანი ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის უმეტესობა სამხედრო სამსახურის მოქმედი წევრები არიან. ინფორმაციას სამთავრობო მედია Anadolu-ი ავრცელებს.

სტამბოლის სახელმწიფო პროკურორის ოფისმა 132 ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გასცა. ეჭვმიტანილებს შორის 82 სამხედრო სამსახურის მოქმედი წევრია, დანარჩენები სამხედრო ძალებიდან გარიცხული და გადამდგარი სამხედროები. ჯერჯერობით, დაპატიმრებულია 106 ადამიანი.

2020 წლის თებერვალში გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთის პროკურატურამ 700-მდე ადამიანის დაკავების ბრძანება გასცა.

ფეთჰულაჰ გიულენს თურქეთის მთავრობა 2016 წლის გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. თავად გიულენი ამ ბრალდებას უარყოფს. ამჟამად გიულენი აშშ-ში ცხოვრობს.

2016 წლის შემდეგ თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 80,000-მდე ადამიანი დააკავეს. 150,000 საჯარო მოხელეს და სამხედროს უფლებამოსილება შეუჩერდა ან სამსახურიდან გაათავისუფლეს.თურქეთის სამხედრო ძალებიდან 20 000-ზე მეტი სამხედრო გარიცხეს.

კომენტარები