კორონავირუსი აჭარაში

ტიკარაძე: აჭარაში ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი გამკაცრდება

ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აჭარაში პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი გამკაცრდება. 

"აჭარაში ჩატარდება ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც იყო აფეთქების კერები. იქნება უფრო მეტად გამკაცრებული მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში. 

ასევე, განხორციელდება დაწესებულებების მონიტორინგი, რომლებსაც უკვე დიდი ხანია დავალებული აქვთ ბენეფიციარის ან პერსონალის მონიტორნგი თერმოსკრინინგის კუთხით, მოხდება მათი გადამოწმებაც, თუ როგორ ხდება ეს. ასევე, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებებშიც, სადაც ხდება ნაკადების შემოსვლა და გასვლა, მათ მიმართაც იქნება გამკაცრებული ღონისძიებები". – ამბობს ტიკარაძე. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა. მისივე თქმით, აჭარისა და ბათუმის ჩაკეტვა არ განიხილება. 

დღეს, 16 სექტემბერს დადასტურებული 196 ახალი შემთხვევიდან 144 აჭარაში აღირიცხა. ჯამში, აჭარაში კორონავირუსის 479 აქტიური შემთხვევაა. 321 პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს, 158 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 758 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 412 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები