ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე გაფართოებულ ტესტირებაზე: ეს ნიშნავს, რომ ინფექცია თითქმის არ გვეპარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს დილით 11 ათასამდე PCR ტესტი გაკეთდა. გამყრელიძის განმარტებით, გაფართოებული ტესტირება მანიშნებელია იმის, რომ ეპიდემიოლოგებს კორონავირუსის ინფექცია "არ ეპარებათ".

"ადრეულ ეტაპზე ვავლენთ, ამიტომაცაა ძირითადად მსუბუქი შემთხვევები". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით აჭარაში. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 145 კი აჭარაში, უმეტესად ბათუმში აღირიცხა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

საკოორდინაციო საბჭოს წევრები მოსახლეობას აიმედებენ, რომ საყოველთაო კარანტინზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.

კომენტარები