კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში შემსვლელ-გამომსვლელებს სიცხეს გაუზომავენ, მაღალტემპერატურიანებს ტესტს გაუკეთებენ

constructionnews

ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებს სიცხეს გაუზომავენ, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში კი ახალ კორონავირუსზე ტესტს ადგილზევე გაუკეთებენ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 16 სექტემბერს მიიღო.

როგორც ტაბულა დღეს წერდა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ბათუმში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების უკეთ მართვის მიზნით ვიცეპრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჩავიდნენ. მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე საბჭოს სხდომას აჭარის მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ონლაინ დაესწრნენ. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს სხდომაზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების აღრიცხვის დინამიკაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით აჭარაში. მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 145 კი აჭარაში, უმეტესად ბათუმში აღირიცხა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

საკოორდინაციო საბჭოს წევრები მოსახლეობას აიმედებენ, რომ საყოველთაო კარანტინზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. 

გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 2 758 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 1 412 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში 1 327 აქტიური შემთხვევაა. 

კომენტარები