ევროპარლამენტი

თალაკვაძე რეზოლუციაზე: სრულყოფილი სასამართლო არ არსებობს, არც საქართველოს აქვს ასეთი

პარლამენტის თავმდჯომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე მიღებულ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ მდგომარეობს აფასებს და სასამართლო სისტემას აკრიტიკებს. 

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ევროკავშირი და ევროპარლამენტარები "აფასებენ პროგრესს", რომელიც მმართველი გუნდის მიერ "გატარებული რეფორმებისა და გადაწყვეტილებების უწყვეტმა პროცესმა გამოიწვია". არჩილ თალაკვაძეს ამ პროგრესის მაგალითად ის ფაქტი მოჰყავს, რომ 2020 წელს სასამართლო შედარებით დამოუკიდებელია, ვიდრე იყო 8 წლის წინ. 

"სასამართლოში, რომელიც ჩვენ გვქონდა, სახელმწიფო ყოველთვის მართალი იყო მოქალაქესთან დავაში, იყო იმ პოლიტიკის გამგრძელებელი, რასაც პროკურატურა და სამართალდამცველთა ორგანოები ადგენდნენ". – თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ფაქტი, რომ დღეს 60%-ით ნაკლები ადამიანი ჩივის სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში, ქართული ოცნების მიერ გატარებული რეფორმების 4 ტალღის შედეგია. 

"ეს არის პროგრესი, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან არის დანახული. რასაკვირველია, სრულყოფილი სასამართლო არ არსებობს, არც საქართველოს აქვს სრულყოფილი სასამართლო, ჩვენ გვჭირდება რეფორმების გაგრძელება, მაგრამ დღეს ჩვენი სასამართლო არის ბევრად უფრო დამოუკიდებელი, ბევრად უფრო საიმედო, ვიდრე ეს იყო". – ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

16 სექტემბერს მიღებულ ანგარიშში ევროპარლამენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების არსებობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან, ისინი მიესალმებიან პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტპატიმრების შეწყალებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ოპონენტები პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისგან. 

ანგარიშში წერია ისიც, რომ იუსტიციის სექტორში გატარებული რეფორმები მოკრძალებულია და რომ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცესი არ იყო გამჭვირვალე და მიმდინარეობდა პოლიტიკური გავლენით. 

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რევიზიისკენ და ახალი მოსამართლეების დანიშვნამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული გატარებისკენ. ანგარიში ხაზს უსვამს არაპოლიტიკური სასამართლო სისტემისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას.

კომენტარები