რიჟვაძე: ჩვენ დღის წესრიგში არ გვიდგას საწოლფონდის კრიტიკული დეფიციტი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარაში საწოლფონდის კრიტიკული დეფიციტის პრობლემა არ დგას და უკვე აღმოფხვრილია ინფიცირებული პაციენტების კოვიდცენტრებში გადაყვანის დაყოვნების პრობლემაც.

"საწოლფონდი უკვე არის გაზრდილი აჭარაში, შესაბამისად, ჩვენ დღის წესრიგში არ გვიდგას კრიტიკულად საწოლფონდის დეფიციტი. რიგი პაციენტები იმართება COVID-სასტუმროებში, ეს გახლავთ უსიმპტომო პაციენტები და ამავე დროს აღვნიშნავ, რომ ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად დაყოვნებების ნაწილშიც გვაქვს ის ხარვეზები აღმოფხვრილი, რაც გვქონდა". – ამბობს თორნიკე რიჟვაზე.

17 სექტემბერს კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში გამოვლინდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 937 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები