კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ახალი შემთხვევებიდან 4 მედპერსონალია, 27-ს სიმპტომები ჰქონდა

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული 179 ახალი შემხვევიდან 4 სამედიცინო პერსონალია, 27 პაციენტს კი სიმპტომები ჰქონდა. 

"კონტაქტები არის 57, ეპიდაფეთქების კერებში, დაახლოებით, 83 დადასტურდა, სიმპტომებიანი პაციენტი იყო 27, კარანტინსა და თვითოზოლაციაში 2 იქნა დადასტურებული, ანუ, ძალიან მცირე. მედპერსონალი გვყავდა 4, იუსტიციაში 5 და 1 მძღოლი იყო." - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის თქმით, 179 ახალი შემთხვევა, უფრო ცოტა, ვიდრე წინა დღეებში ფიქსირდებოდა, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. 

"აჭარა კვლავ რჩება ცხელ წერტილად, მაგრამ დღეს პირველი ნიშანი გამოიკვეთა მთლიანად ქვეყანაში ამ ბოლო დღეების განმავლობაში როცა ყოველდღიური შემთხვევების აღმავალი ზრდა გვქონდა, დღეს ოდნავ დაიწია ქვემოთ მრუდმა, როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე აჭარაში. თუმცა ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ ოდნავ დავმშვიდდებით, თუ ამ მრუდს ექნება მდგრადი ხასიათი რამდენიმე დღის განმავლობაში. 

ყველა ის რეკომენდაცია, რაზეც ვსაუბრობთ, ძალაშია და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, რომ ეს მრუდის დახრილობა როგორმე შევინარჩუნოთ." - თქვა მან. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 937 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები