საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო

TI: 2020 წლის 6 თვეში ბიუჯეტის ხარჯები 869 მლნ ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკი

"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" (TI) ახალ კვლევას აქვეყნებს, სადაც განხილულია, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ 2020 წლის თავდაპირველი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების 6 თვის გეგმაზე. კვლევაში შემდეგი მიგნებებია:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმა 761 მლნ ლარით გაიზარდა და 7,661 მლნ ლარი შეადგინა. შემოსულობების ზრდა დამატებითი ვალების აღებამ განაპირობა. 6 თვეში მთავრობამ 2,541 მლნ ლარის ვალი აიღო. 30 ივნისის მდგომარეობით მთავრობის ვალმა 24.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის დაახლოებით 49%-ია;
  • ეკონომიკის შემცირებამ და პანდემიის გამო დაწესებულმა საგადასახადო შეღავათებმა, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა 468 მლნ ლარით შეამცირა. ახალი გეგმა კი - 4,570 მლნ ლარი 100.4%-ით შესრულდა;
  • 6 თვის გადასახდელების გეგმა 6,978 მლნ ლარიდან 7,422 მლნ ლარამდე გაზარდა, თუმცა განახლებული გეგმა 92.9%-ით შესრულდა;
  • ხარჯებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლით - 58.9%-ით ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადასაცემი გრანტების 6 თვის გეგმა შესრულდა, რაც თავის მხრივ, კაპიტალური ტრანსფერების გეგმის 45.9%-ით შესრულებამ განაპირობა;
  • 2020 წლის აპრილ-ივნისში 2019 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 10.7 მლნ ლარით გაიზარდა და 68.8 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურება 20.4 მლნ ლარით (19%-ით) არის გაზრდილი. ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ხარჯებში ეკონომიის გაკეთება მთავრობის პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო;
  • მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მივლინებებზე გაწეული ხარჯები 10.6 მლნ ლარით (49%-ით) შემცირდა და 10.9 მლნ ლარი შეადგინა. შემცირების მიუხედავად, საინტერესოა, აპრილი-ივნისის განმავლობაში, როდესაც ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილი, ხოლო ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეზღუდული იყო, რატომ და როგორ დაიხარჯა მივლინებებზე 11 მლნ ლარამდე;
  • ხარჯების მუხლებიდან ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი სოციალურ უზრუნველყოფაში (96.9%) და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში (96.8%) დაფიქსირდა. ამავე დროს, შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი 6 თვის გეგმა 1.5 მლნ ლარით გაიზადა, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის 456 მლნ ლარით;
  • ჯანდაცვის ხარჯების 6 თვის გეგმა 595 მლნ ლარიდან 737 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ვირუსის გავრცელებამ განაპირობა. გასული წლების მსგავსად, ისევ არასაკმარისი აღმოჩნდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა. 6 თვის თავდაპირველი გეგმა 89 მლნ ლარით გაიზარდა და 523 მლნ ლარი შეადგინა. წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯი ერთ მილიარდ ლარს მიაღწევს, როცა წლიური გეგმით 802 მლნ ლარია გათვალისწინებული;
  • პანდემიისგან მიყენებულმა ზიანმა სახელმწიფო ბიუჯეტში ახალი ხარჯვითი პროგრამების შექმნა განაპირობა. პროგრამები 3 მიმართულებით შეიქმნა: ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ბიზნესის სუბსიდირება. 2020 წლის პირველ ნახევარში „კორონავირუსით” გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 460 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 370 მლნ ლარი დაიხარჯა;
  • პანდემიის გამო ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს (452 მლნ ლარით) და ეკონომიკის სამინისტროს (19.6 მლნ ლარით) 6 თვის გეგმა გაიზარდა, ყველაზე მეტად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (47.4 მლნ ლარით) და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (37.6 მლნ ლარით) 6 თვის გეგმა შემცირდა;
  • მაღალბიუჯეტიანი პროგრამებიდან აღსანიშნავია COVID-19-ის შედეგად უმუშევრად დარჩენილთათვის ფულადი დახმარების პროგრამის 6 თვის გეგმის 57.3%-ით შესრულება, რომელზეც მეორე კვარტალში 130 მლნ ლარი იყო გამოყოფილი;
  • 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2020 წლის 6 თვეში ბიუჯეტის ხარჯები 869 მლნ ლარით გაიზარდა, საიდანაც 631 მლნ ლარი სოციალური ხარჯების ზრდაზე მოდის. 35 მლნ ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურების ხარჯი.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი 6 თვის შესრულების ძირითადი მაჩვენებლების შესწავლის შემდეგ აღმოჩენილ ნაკლოვანებებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:

  • მიუხედავად განახლებული გეგმებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ არააუცილებელი ხარჯები ეკონომიურად გასწიოს და დაზოგილი თანხა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას და ბიზნესის საგადასახადო შეღავათებს მოახმაროს;
  • პრობლემად რჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რომლის გადაწყვეტა აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობის ზრდის მიზნით აუცილებელია;
  • მთავრობის ვალის მოცულობა კრიტიკულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს უახლოვდება. შესაბამისად, მთავრობამ წელს მოზიდული საგარეო დახმარების ნაწილი 2021 წელს უნდა დახარჯოს და მომავალ წლებში მთავრობის ვალის შემცირების სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

კომენტარები