არჩევნები 2020

კანდელაკი ევროპარლამენტის ანგარიშზე: ასეთი მკაფიო გაფრთხილება ოცნების მთავრობისა არ მახსოვს

Facebook/ Giorgi Kandelaki

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი სპეციალურ ბრიფინგზე, არჩილ თალაკვაძის მხრიდან საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიშის შეფასებას ეხმაურება. 

თალაკვაძის თქმით, ევროპარლამენტარებმა შეაფასეს ის პროგრესი, რაც ბოლო წელში ქართული ოცნების მიერ ინიცირებულმა უწყვეტმა რეფორმებმა მოიტანა და ეს შეფასებები ასახულია ანგარიშშიც. გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ "თალაკვაძე, შესაძლოა, რომელიმე სხვა პარლამენტის დებატებს ადევნებდა თვალს, მაგალითად, რუსეთის დუმაში, სადაც ქართული ოცნების მთავრობის საქმიანობით მართლაც კმაყოფილები არიან."

კანდელაკის თქმით, ევროპარლამენტის მიერ 16 სექტემბერს მიღებული ანგარიში - ეს არის ყველაზე მკაფიო შეფასება და გაფრთხილება ოცნების მთავრობისა.

"ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი, კარგად წაიკითხოს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება ქართული ოცნების მთავრობისა მე ჩემს პრაქტიკაში უბრალოდ არ მახსოვს. ეს რეზოლუცია მიიღეს არა შესწორებების გზით, არამედ იყო თავდაპირველ, ფრაქციებს შორის შეთანხმებულ ვერსიაში. რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რა ხდებოდა წინა არჩევნებზე და რა არ უნდა განმეორდეს ახლა. ეს არის ძალადობის არგამოძიება, ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა და დაშინება, ეს არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ეს არის, რა თქმა უნდა, 8 მარტის შეთანხმება, რაშიც იგულისხმება გიორგი რურუას საქმის დასრულება."

კანდელაკის თქმით, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების შეწყალება როგორც 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი. 

ევროპული საქართველოს წევრი, ასევე, ამბობს, რომ რეზოლუციაში საუბარია ფეისბუკის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის წაშლაზე და მოწოდებაა, რომ შეწყდეს ამგვარი "ბინძური პროპაგანდა."

კანდელაკის თქმით, ევროპარლამენტის "უპრეცედენტოდ მჭახე და ცხადი რეზოლუცია აჩვენებს, რომ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ქვეყნის პარტნიორებიც, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი, მზად არიან გარდამტეხი ცვლილებებისთვის.

16 სექტემბერს მიღებულ ანგარიშში ევროპარლამენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების არსებობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან, ისინი მიესალმებიან პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტპატიმრების შეწყალებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ოპონენტები პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისგან. 

ანგარიშში წერია ისიც, რომ იუსტიციის სექტორში გატარებული რეფორმები მოკრძალებულია და რომ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცესი არ იყო გამჭვირვალე და მიმდინარეობდა პოლიტიკური გავლენით. 

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რევიზიისკენ და ახალი მოსამართლეების დანიშვნამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული გატარებისკენ. ანგარიში ხაზს უსვამს არაპოლიტიკური სასამართლო სისტემისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას.

კომენტარები