სტრატეგია აღმაშენებელი

ვაშაძე: კომპანიები ბიუჯეტიდან მიღებული დახმარების ნაწილს ქართულ ოცნებას ურიცხავენ

სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პანდემიის პერიოდში მთავრობამ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები დააფინანსა, სხვებს კი სუბსიდირებაზე უარი უთხრა. 

როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, დაფინანსებულმა კომპანიებმა სახელმწიფოს მიერ მიღებული თანხის დიდი ნაწილი მოგვიანებით ქართულ ოცნებას შესწირეს და სწორედ ამ სქემით იპარავს ხელისუფლება ბიუჯეტის ფულს. 

ოპოზიციური ლიდერის თქმით, "ხელისუფლების იღბლიანთა" 500 კომპანიის სიაში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, ზურაბ ხაჩიძე მოხვდნენ. 

"რეალურად 4 247 განაცხადი შევიდა სუბსიდირების მოთხოვნით და აბსოლუტურ უმრავლესობას, 3 000-ზე მეტს, ბიუროკრატიული მიზეზების გამო უთხრეს უარი. 

სია საკმაოდ დიდია. მათ შორისაა, ალტიტუდი; სევსამორა; ყვარელი ედემი, რომელიც უკვე ყველა სქემაშია გახვეული; მეგაპალასი; მეჯუდა; თეთრი ხიდი – ეს არის ის კომპანიები, რომლებმაც ამის შემდეგ ქართულ ოცნებას შესწირეს უზარმაზარი ფული. ფული, რომელიც უნდა წასულიყო იმ პროცენტის დასაფარად, რომელსაც ვერ იხდიან სასტუმროები და ამ კომპანიებს გადაერიცხათ". – ამბობს გიორგი ვაშაძე. 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს მაგალითად მოჰყავს ყვარელი ედემი, რომელმაც პარტია ქართულ ოცნებას 235 000 ლარი შესწირა, სევსამორამ კი 317 000 ლარი. 

"გამოდის, რომ ბიუჯეტის ფული მიდის მათთან, ნაწილს იტოვებენ ისინი და შემდგომ ამ ფულს აბრუნებენ ქართული ოცნების საარჩევნო ფონდში. მოლოდინი ნათელია – ქართული ოცნება არჩევნებზე ხმების მოსყიდვას აპირებს. ეს მხოლოდ ნაწილია. ჩვენ პერიოდულად გამოვაქვეყნებთ. ჩვენი მხრიდან ანტიკორუფციული კვლევა გრძელდება. ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, თუ როგორი კორუმპირებული ადამიანი ჰყავს დღეს საქართველოს ხელისუფლებას". – თქვა გიორგი ვაშაძემ. 

კომენტარები