რუსთავი

შსს: რუსთავში 2 პირი დავაკავეთ, მათ პოლიციელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

droa.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 16 სექტემბერს, რუსთავში მომხდარი დაპირისპირებისას 2 ადამიანი, 2001 წელს დაბადებული ბ.ბ და ამავე წელს დაბადებული ნ.უ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ისინი პოლიციელების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა პატრულირებისას, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 -მდე ახალგაზრდა შენიშნეს,რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები აგრძელებენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს." - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავებულებს ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები