კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: მკაცრი შეზღუდვები საჭირო რომ ყოფილიყო, უკან არ დავიხევდით

საქართველოს მთავრობა

"საფრთხე, რა თქმა უნდა, რჩება და საფრთხის სირთულე არ შეცვლილა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიცვალა ცოდნა ამ საფრთხის მიმართ" - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კითხვას, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, რატომ არ წესდება მკაცრი შეზღუდვები მაშინ, როცა გაზაფხულზე ბევრად ნაკლები შემთხვევის დროს, კომენდანტის საათი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იყო გამოცხადებული.

"დღესდღეობით ყველა ქვეყანა ერიდება, რომ გამკაცრებისკენ ნაბიჯები გადადგას, ვინაიდან, ჩვენ ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება თითოეული ქვეყნისთვის. ჯანდაცვის სისტემაშიც მოხდა გარკვეული ცოდნის დაგროვება. ნებისმიერ ვირუსთან თუ დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ცოდნა, რათა გადაიდგას სწორი ნაბიჯები, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ იკურნებიან პაციენტები და რა მეთოდოლოგიაა ყველაზე გამოყენებადი, ყველაზე ეფექტური იმისთვის, რომ არ გვქონდეს ლეტალური შედეგი" - თქვა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კითხვაზე, ხომ არ იყო საჭირო უფრო მკაცრი მიდგომები თუნდაც აჭარასთან მიმართებით, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ - არა.

"მეტად მკაცრი მიდგომების საჭიროება არ დამდგარა, თუ ჩვენ ამას დავინახავდით, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ არ დავიხევდით ამ ნაბიჯების გადადგმაზეც უკან, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ დღესდღეობით, მეტად უფრო გამკაცრება საჭირო იყო. ჩვენ გვაქვს კიდევ წინ შემოდგომა-ზამთრის თვეები, როდესაც მოლოდინი გვაქვს სეზონური ვირუსების გავრცელების, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობა მორალურად მზად შეხვდეს მას და ისწავლოს თანაცხოვრება კორონავირუსთან" - თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე, აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები