ევროპარლამენტი

ბოკერია რეზოლუციაზე: ვითარების ასეთი მძიმე შეფასება არ მახსენდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე მიღებულ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ მდგომარეობას აფასებს და სასამართლო სისტემას აკრიტიკებს.  

"ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ეს რეზოლუცია ნიშანდობლივია იმით, რომ მე ამ ტიპის მძიმე შეფასება ვითარების, ჯამურად ქვეყანაში, ტენდენციის თვალსაზრისით და ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, არ მახსენდება საერთოდ. 

ყველა საკვანძო საკითხში და ყველა იმ გამოწვევასთან დაკავშირებით, რაც შექმნილია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, ან არ გამოსწორებულა ჩვენი ხელისუფლების შემდეგ, რაც უკავშირდება არჩევნებზე მოსყიდვას, ზეწოლას, დაშინებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ასევე 8 მარტის შეთანხმებას, მართლმსაჯულებას და პროპაგანდას, კრიტიკულადაა განხილული." - ამბობს ბოკერია. 

ბოკერია რეზოლუციაზე ქართული ოცნების გამოხმაურებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თქმა, თითქოს ყველაფერი კარგად არის, "უტიფრობაა". 

"ეს არის მათი აბსურდული ტყუილების ნიაღვარი, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი არის კარგად. ამ ყველაფერზე ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ არჩევნებზე, რადგან ასე გაგრძელება, მოსახლეობის ასე უტიფრად მოტყუება მაგონებს ჩრდილოეთ კორეის მაგალითს, თუ როგორ ატყუებენ თავის მოსახლეობას. ივანიშვილს ამ მეთოდებით სურს მართვა პროპაგანდის და ამაზე ის პასუხს მიიღებს არჩევნებზე დიდი და გარდამტეხი ცვლილებებით." - ამბობს გიგა ბოკერია.  

რეზოლუციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტარები "აფასებენ პროგრესს", რომელიც მმართველი გუნდის მიერ "გატარებული რეფორმებისა და გადაწყვეტილებების უწყვეტმა პროცესმა გამოიწვია".

16 სექტემბერს მიღებულ ანგარიშში ევროპარლამენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების არსებობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან, ისინი მიესალმებიან პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტპატიმრების შეწყალებას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისგან. 

ანგარიშში წერია ისიც, რომ იუსტიციის სექტორში გატარებული რეფორმები მოკრძალებულია და რომ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცესი არ იყო გამჭვირვალე და მიმდინარეობდა პოლიტიკური ზეგავლენით. 

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რევიზიისკენ და ახალი მოსამართლეების დანიშვნამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული გატარებისკენ. ანგარიშში ხაზგასმულია არაპოლიტიკური სასამართლო სისტემისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები