გიორგი რურუას საქმე

კნირში: რურუას სახელი ევროპარლამენტის რეზოლუციასა და დაკავშირებულ ტექსტებში არ მინახავს

გერმანიის ელჩი, ჰუბერტ კნირში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტპატიმრის, მთავარი არხის თანამფლობლის, გიორგი რურუას სახელი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ უნახავს. 

"არ მინახავს ეს სახელი არც ევროპარლამენტის რეზოლუციაში და არც სხვა დაკავშირებულ ტექსტებში." - ამბობს ის. 

რადიო თავისუფლების კითხვას, რომ ევროპარლამენტარები გიორგი რურუას საკმაოდ ხშირად ახსენებენ და შესრულებულია თუ არა ყველა რეკომენდაცია საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით, ჰუბერტ კნირში პასუხობს: 

"საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით ისინი შესრულებულია და არჩევნები მიმდინარეობს მათ საფუძველზე, რაც ქმნის უკეთეს შესაძლებლობებს შედარებით მცირე პარტიებისთვის, იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში."  

  • რურუა, 20 ივნისი,პროკურატურის განცხადება - გერმანიის ელჩის უცნაური თავგადასავალი - წაიკითხეთ აქ.

16 სექტემბერს მიღებულ ანგარიშში ევროპარლამენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების არსებობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან, ისინი მიესალმებიან პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტპატიმრების შეწყალებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისგან. 

ანგარიშში წერია ისიც, რომ იუსტიციის სექტორში გატარებული რეფორმები მოკრძალებულია და რომ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცესი არ იყო გამჭვირვალე და მიმდინარეობდა პოლიტიკური ზეგავლენით. 

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რევიზიისა და ახალი მოსამართლეების დანიშვნამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული გატარებისკენ. ანგარიში ხაზს უსვამს არაპოლიტიკური სასამართლო სისტემისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას.  

მას შემდეგ, რაც სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, განაჩენს გამოეხმაურნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები. სენატორმა რიშმა დაწერა, რომ რჩება "ძალზედ შეშფოთებული" და, მისივე სიტყვებით, რურუა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს. განაჩენს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც. კუბილიუსმა დაწერა, რომ პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოში სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ კი ზურაბიშვილს მოუწოდა, გამოეყენებინა უფლებამოსილება, როგორც სხვა შემთხვევებში. 

თუმცა, დასავლელი პარტნიორებისა და ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუაზე თქვა - "ამ პიროვნებას არ შევიწყალებ."

კომენტარები