კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: გუშინ 13 226 PCR ტესტი ჩავატარეთ, გუშინწინ - 11 125, ბოლო 2 კვირაში თითქმის გაორმაგდა

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში 16 სექტემბერს 11 125 PCR ტესტი ჩატარდა, ხოლო 17 სექტემბერს - 13 226. სწორედ 13 226 ჩატარებული ტესტიდან დადასტურდა ინფიცირების 182 შემთხვევა.

მარინა ეზუგბაიას შეფასებით, გაზრდილი ტესტირების ფონზე კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ბოლო ორ კვირაში კორონავირუსის დასადგენად ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. 

"ასეთი გაზრდილი ტესტირების ფონზე მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება. თუ ასე დავიჭერთ სიტუაციას, მაღალ პასუხისმგებლობას გამოვიჩენთ და რეგულაციებს შევასრულებთ, ეს მონაცემები სტაბილური იქნება, რასაც უნდა მოჰყვეს შემცირება, ანუ დაღმართი". - ამბობს ეზუგბაია.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 119 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 435 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები