ღირსეული პარტნიორი 2020

ზურაბიშვილი: ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო საიმედო მეგობარია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო NATO-ს სამაგალითო პარტნიორია. მისივე თქმით, ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო საიმედო და ღირსეული პარტნიორია რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. ამის შესახებ ზურაბიშვილმა, ღირსეული პარტნიორი 2020-ის დახურვაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა: 

"თანამშრომლობის ნათელი სიმბოლოა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა განაგრძობს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას. ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად". - თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, NATO და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში.

"ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. საქართველო კი ნატოს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს". - თქვა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციით ქვეყნის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, 10 დეკემბერს თქვა:

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არამხოლოდ დღევანდელი დღით".

მას შემდეგ, რაც მის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პრეზიდენტის სიტყვა დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი, სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

ღირსეული პარტნიორი საქართველოში მეხუთედ ჩატარდა და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილი შეტანა. 

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და ის ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

კომენტარები