ევროპული საქართველო

ბოკერია თურნავას: რა ზღვარს უნდა ასცდეს კრიზისი, რომ გადასახადების შემცირება განიხილოთ?

გიგა ბოკერია
პარლამენტი

"რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ, ანუ თქვენ, განიხილოთ გადასახადების რეალური, არსებითი დაწევა? რამდენად უნდა დამძიმდეს ვითარება?". – ამ შეკითხვით მიმართა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს.

ნათია თურნავა 18 სექტემბერს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ინტერპელაციის პრინციპის საფუძველზე მიიწვიეს. 

ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ ნათია თურნავას შეახსენა მთავრობის მიერვე გამოქვეყნებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც 2016 წლიდან 2019 წლამდე ოფიციალურად დასაქმებულთა რიცხვი, დაახლოებით 45 000-მდე შემცირდა, 2020 წლის მეორე კვარტალში კი, შარშანდელ მსგავს პერიოდთან შედარებით - 33 000-ით. გიგა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს შეახსენა ისიც, რომ მეორე კვარტალში ეკონომიკა -12%-ით შემცირდა. 

"ეს არის სადღაც 6 მილიარდი ლარი დაკარგული მთელი ეკონომიკისთვის. მე მინდა, რომ მითხრათ ზღვარი, რის შემდეგაც მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის განიხილავთ ტვირთის სერიოზულად შემცირებას. 

კითხვაზე პასუხში თქვენ გიწერიათ, რომ 300 მილიონი დატოვეთ ეკონომიკაში. 6 მილიარდია დაკარგული, 300 მილიონი დაუტოვეთ ხალხს. ეს ბალანსი, თქვენი აზრით, პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და მეწარმეები დგანან, საშუალო კლასი და გაჭირვებული ხალხი? 

ანუ ორი კითხვა მაქვს: 

რა ზღვარს უნდა ასცდეს კრიზისი, რომ თქვენ განიხილოთ ტვირთის შემსუბუქება და 300 მილიონი როგორ პასუხობს 6 მილიარდიან დანაკარგს?" – ჰკითხა გიგა ბოკერიამ ნათია თურნავას. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა ეკონომიკის მინისტრს საპასუხო წერილის კიდევ ერთი მონაკვეთი შეახსენა, სადაც, მისივე ცნობით, ნათია თურნავა წერს, რომ საქართველო საგადასახადო ტვირთით ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. 

"რაზე გაქვთ გათვლა, რომ უბრალოდ ამ სიცრუეს არავინ არ შეამოწმებს? აქ იყო თქვენი ლიდერი, ლიდერი კი არა, ლიდერის ერთ-ერთი ასისტენტი, ივანიშვილის ასისტენტი [გიორგი გახარია], მან გაიმეორა ეს სიცრუე და ჩვენ მას მივუთითეთ, რომ ცრუობდა და მივუთითეთ მხოლოდ იმ გადასახადზე, რომელიც ეხება პირდაპირ ბიზნესს. საერთო ტვირთით გადასახადების საქართველო არის 118-ე ადგილზე Heritage Foundation-ის მონაცემების მიხედვით. ანუ 100 ქვეყანაზე მეტია ჩვენზე წინ. ვერ გავიგე, აქციზის გადასახადი, საშემოსავლო - ყველაფერი ეს არ აწვება ზურგზე ჩვენს მოქალაქეებს? რა ნიშნით? ამ სიცრუეს რა აზრი აქვს, ჩვენს მოქალაქეებს რითი უმსუბუქებს მდგომარეობას?" – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ნახეთ, ნათია თურნავას პასუხი აქ

კომენტარები