Coda Story

რით ჰგავს საქართველო ახალ ზელანდიას, დიპლომატიური შეჯიბრი ვაქცინაზე

რა საერთო გვაქვს ახალ ზელანდიასთან და, ასევე, მსოფლიოში მომხდარი სხვა მნიშვნელოვანი ცრუ და ნამდვილ ამბები, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო გუნდის ყურადღების ცენტრში მოხვდა და თქვენს ყურადღებასაც იმსახურებს. 

Coda გთავაზობთ წერილს გლობალურ ამბებსა და ტრენდებზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას ცვლის. გაუზიარეთ Coda წერილი თქვენს ახლობლებს. ერთად გავავრცელოთ ინფორმაცია, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში გაგვარკვევს. 

რუსეთისა და ჩინეთის დიპლომატიური პაექრობა ვაქცინაზე გრძელდება. ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინის დისტრიბუციისას პრიორიტეტი განვითრებად ქვეყნებს, განსაკუთებით, აფრიკის კონტინენტს მიენიჭება. მისივე თქმით, მაროკო მნიშვნელოვანი მოკავშირეა ჩინეთისთვის, რადგან ცდების ფინალური ეტაპი იქაც მიმდინარეობს. ამ ქვეყნებს შორის მაროკოს მეზობელი ალჟირიცაა, რომელსაც რუსეთი თავისი ვაქცინის, სპუტნიკ V-ის მიწოდებაზე შეუთანხმდა.  

სანამ რუსეთი და ჩინეთი აფრიკაში პოზიციების გასამყარებლად იბრძვიან, ამერიკა და ევროპა დუმან. თუ ჩინეთმა თავისი დანაპირები შეასრულა და აფრიკაში ვაქცინის  დისტრიბუცია მოახერხა, პეკინისთვის ეს დიდი დიპლომატიური გამარჯვება იქნება კონტინენტზე. 

პანდემიის პერიოდში ჩინეთის რბილი ძალა ჩვენს სამეზობლოშიც უფრო თვალში საცემი გახდა. სოციალურ მედიაში სულ უფრო ხშირად გაისმის, რომ, დასავლეთისგან განსხვავებით, ჩინეთის პოლიტიკური სისტემა კრიზისებს უკეთესად უმკლავდება. მაგალითი: უკრაინულ სოციალურ მედიაში გავრცელებული სტატუსი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა მხოლოდ იმ ქვეყნებში გაჩნდა, სადაც არჩევნებია. ავტორი ხაზს უსვამს პოლიტიკის და კორონავირუსის კავშირს და ამბობს, რომ ჩინეთში, სადაც არჩევნები არ ტარდება, მეორე ტალღაც არ არის, რადგან საარჩევნო პროცესზე და ხალხის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა საჭირო არ არის. პუბლიკაცია Vox Ukraine-ის ფაქტის გადამამოწმებლებმა ამ სტატუსს მანიპულაცია უწოდეს.  

თურქმენეთში კორონავირუსი ოფიციალურად ისევ არ არსებობს, მაგრამ ადამიანები რესპირატორული დაავადებების სიმპტომებით ავად ხდებიან და კვდებიან. ექიმებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ უმკურნალონ ასეთ პაციენტებს. მაგრამ ქვეყნის დიქტატორმა, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა და მისმა მთავრობამ “გამოსავალი” იპოვეს: თუქრმენეთის სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ადამიანს, რომელიც “პანდემიის ან ეპიდემიის ბუნების მქონე დაავადების” მკურნალობას თავს აარიდებს, 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამაზე უფრო დეტალურად ჩვენი ინგლისურენოვანი გვერდისთვის დავწერე. 

ჩვენ, Coda Story-ს ჟურნალისტები, ვცდილობთ, მოგიყვეთ ამბებს და დაგანახოთ მათი მნიშვნელობა გლობალურ კონტექსტში. დღეს ირინა მაჭავარიანი გიამბობთ ადამიანებზე საქართველოსა და ახალ ზელანდიაში, რომლებსაც კორონავირუსის არსებობაში ეჭვი ეპარებათ. 

"200 ადამიანს დაგვცინებენ. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს, რომ გამოვფხიზლდეთ!" - მითხრა კორონავირუსის საწინააღმდეგო აქციის მონაწილემ  15 სექტემბერს. შეკრებაზე, რომელსაც მართლა 200 ადამიანი ესწრებოდა, შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ ბოლომდე გავჩერდი: გავიცანი ადამიანები, რომლებიც ვირუსის წინააღმდეგ ბანერებით, ხატებით და ნაკურთხი წყლით გამოვიდნენ.  

რა მოხდა რუსთაველზე: კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებსაც ვირუსის არსებობაში ეჭვი ეპარებათ - ისინი ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის თემა "გლობალისტების" ინტერესებს ემსახურება, მათ კი ჩვენი კონტროლი, დაჩიპვა და მომავალი თაობის დაჩლუნგება სურთ. ამ ყველაფრის წინააღდეგ სასულიერო პირმა პარაკლისი აღავლინა, გამომსვლელმა ექიმმა კი ბევრი ნივრის ჭამა გვირჩია. 

რატომაა ეს მნიშვნელოვანი: შეთქმულების თეორიები კორონავირუსის შესახებ სიახლე ნამდვილად არ არის. მსგავსი ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება და მის განვითარებას  ქოდას საერთაშორისო გუნდი აქტიურად ადევნებს თვალს. სიახლე აქ ისაა, რომ ვირუსის მეორე ტალღასთან ერთად, შეთქმულების თეორიების რიცხვიც იმატებს. თანაც ქვეყნებში, რომლებშიც პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდნენ  -  ახალ ზელანდიაში, ცოტა ხნის წინ, ფაქტობივად იდენტური აქცია გაიმართა, მსგავსი განწყობითა და მოთხოვნებით, რომლის შესახებაც აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ.  

ქართული კონტექსტი: ორივე ქვეყანაში, მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ვაქცინაციას, ჯანდაცვის სპეციალისტებსა და მათ რეკომენდაციებს. თუმცა, ქართული აქცია ერთი განსხვევების, რუსეთის გარეშე ვერ ჩაივლიდა: წინასაარჩევნოდ ქვეყანაში რუსული დეზინფორმაცია გააქტიურებულია და პარლამენტის წევრი ერთ-ერთი პარტიაც რუსეთიდან ფინანსდება. ჩვენც ვფიქრობთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო განწყობის მატება ამ საინფორმაციო ომის ნაწილია.  

რა იქნება შემდეგ? ქართველი მომიტინგეები ჯერჯერობით არ ერევიან პოლიტიკაში და ცოტა იმედგაცრუებულებიც კი დარჩნენ: ზოგიერთ მათგანს ეგონა, რომ რუსთაველი გადაკეტილი დახვდებოდა. ამის მიუხედავად, კვირას, 20 სექტემბერს, მეორე, უფრო მასშტაბური აქციაა დაანონსებული. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.  

ავტორი: ირინა მაჭავარიანი 

ვინ და რატომ ებრძვის მეცნიერებას? როგორი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე ტექნოლოგიებს? როგორ ცვლის ცრუ ინფორმაცია რეალურ სამყაროს? ეს ის თემებია, რომლებზეც Coda Story-ს ჟურნალისტთა საერთაშორისო გუნდი მუდმივად მუშაობს. 

რას ვკითხულობთ: 

ამონარიდს იაროსლავ კოშივის წიგნიდან "თავმოკვეთილი. ჟურნალისტის მკვლელობა." წიგნი თბილისში დაბადებულ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეზეა, რომელიც იმისთვის იბრძოდა, რაც დღესაც ასე გვაფიქრებს და აქტუალურია. 

ღონღაძე 20 წლის წინ უკრაინაში გაუჩინარდა და შემდეგ მოკლული იპოვეს. 

კოშივის წიგნის ამ ამონარიდში მოყოლილია, როგორ იბრძოდა ღონღაძე საქართველოს თავისუფლებისთვის და როგორ ცდილობდა, აღებეჭდა საკვანძო ისტორიული მოვლენები - სამოქალაქო და აფხაზეთის ომები. 

"ხელი ჩავკიდე და ვუთხარი, რომ ბიზნესის მაგივრად, [სამოქალაქო ომის] მსხვერპლებზე უნდა დაეწერა. მან ომზე დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტა. კამერა ვუყიდე და გადაიღო ფილმი “ჩემი სამშობლოს ტკივილი," - ასე იხსენებს ღონღაძის დედა პერიოდს, როცა ჟურნალისტი პოლიტიკისთვის თავის დანებებას და ბიზნესის წამოწყებას აპირებდა.

ამონარიდი სრულად წაიკითხეთ აქ (უკრაინულ ენაზე). რადიო თავისუფლების უკრაინულმა სერვისმა ღონღაძეს ვიდეოც მიუძღვნა, რომელიც აქ შეგიძლიათ ნახოთ. 

დღეისთვის სულ ეს არის. გაქვთ კითხვები? კრიტიკა? ან რომელიმე კონკრეტული თემა გაინტერესებთ? დაგვიკავშირდით და, როგორც ყოველთვის, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. 

შეხვედრამდე,
მარიამი

კომენტარები