ევროპული საქართველო

ბოკერია თურნავას: საბჭოთა მიდგომაა გადასახადების ერთნაირად დაწევა ყველასთვისო, მომესმა?

საქართველოს პარლამენტი

"საბჭოთა მიდგომაა გადასახადების ერთნაირად დაწევა ყველასთვისო, მომესმა, თუ ასეთი რაღაც თქვით მართლა?" – ასე პასუხობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ეკონომიკის მინისტრის განცხადებას. 

ნათია თურნავამ პარტიის ეკონომიკური პროგრამის შეფასებისას თქვა, რომ გადასახადების ყველასთვის თანაბრად შემცირება საბჭოთა "ურავნილოვკის" (გათანაბრება) პრინციპია. 

"საბჭოთა მიდგომაა გადასახადების ერთნაირად დაწევა ყველასთვისო, მომესმა, თუ ასეთი რაღაც თქვით მართლა? ეგ არის მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმი. თქვენ მართლა გგონიათ, რომ მდიდრებს აწუხებთ გადასახადი? გადასახადი აწუხებს საშუალო და ქვედა კლასს და თუ გადასახადებს არ დაწევთ, მდიდრები კი არ დაზარალდებიან, დაზარალდებიან ღარიბები და საშუალო კლასი. ამიტომ უნდა დაუწიოთ ყველას გადასახადი.

და აქციზის გადასახადი საწვავზე რომელი მდიდრების გადასახადია? ძალიან მაინტერესებს. ჩემს ხელფასზე და საკუთარზე რომ ილაპარაკეთ, შეამცირეთ სამთავრობო და საპარლამენტო ხარჯი. ეგ რა არგუმენტია, რომ მეწარმეებს, მათ შორის, წარმატებულს გადასახადი არ დაუწიოთ. ანუ წარმატებას სჯით და გგონიათ, რომ ეგ არ აისახება ყველაზე მეტად გაჭირვებულ ადამიანებზე? ორჯერ ორი ოთხია, არ გესმით, რაზეა ლაპარაკი?". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს გადასახადების შემცირებაზე დაუსვა შეკითხვა. პასუხად ნათია თურნავამ თქვა, რომ გადასახადების ყველასთვის თანაბრად შემცირება საბჭოთა გათანაბრების პრინციპია და რომ ეს ეწინააღმდეგება იდეოლოგიურ მემარჯვენე იდეებს. 

კომენტარები