ჩინეთში დღეს ათასობით პირია დაავადებული ბრუცელოზით, 2019 წელს ქარხნიდან გაჟონვის შემდეგ

ბრუცელას ბაქტერია

ათასობით ადამიანი დაავადდა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით ბაქტერიული დაავადებით მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბიოფარმაცევტული ქარხნიდან, სადაც ცხოველების ვაქცინას აკეთებდნენ, გასულ წელს ბაქტერიამ გაჟონა

ჩინეთის განსუს პროვინციაში, ქალაქ ლანჭოუს ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბრუცელოზი 3 245 ადამიანს დაუდასტურდა.

ბრუცელოზს ძირითადად ინფიცირებული ცხოველთან ან ცხოველის პროდუქტთან ახლო კონტაქტი იწვევს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცხე, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა. 

თავდაპირველი შედეგებით, კიდევ 1 401 პირს დაუდასტურდა დაავადება. მათივე თქმით, 2.9 მილიონიანი ქალაქიდან ჯამში 21 847 ადამიანს გაუკეთეს ტესტი. 

ადგილობრივი ჯანდაცვის საბჭოს განცხადებით, ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა. ოფიციალური პირები ასევე ამბობენ, რომ ამ დრომდე, დაავადების ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემის მტკიცებულება ჯერ არ ყოფილა. 

უმეტესობა ბაქტერიებით დაბინძურებული საკვების ჭამით ან ბაქტერიის შესუნთქვით ინფიცირდება - სავარაუდოდ, ლანჭოუს შემთხვევაში სწორედ ამგვარად მოხდა. 

ქალაქის ჯანდაცვის საბჭოს განცხადებით, დაავადება გავრცელდა ლანჭოუს ბიოფარმაცევტული ქარხნიდან, ჭუნმუ ლანჭოუდან. ეს გასული წლის ივლის-აგვისტოში მოხდა. მაშინ, როდესაც ცხოველებისთვის ბრუცელოზის ვაქცინას აწარმოებდნენ, ქარხანამ ვადაგასული სადეზინფექციო საშუალება გამოიყენა. შედეგად, ნარჩენებში ყველა ბაქტერია არ გამქრალა.

დაბინძურებული ნარჩენების გაზმა წარმოქმნა აეროზოლი, რომელიც ამ ბაქტერიას შეიცავდა. შემდეგ, ეს აეროზოლი ჰაერში გავრცელდა და ქარმა მიიტანა ლანჭოუს ვეტერინარიის ინსტიტუტამდე, სადაც დაავადება პირველად გავრცელდა. იქ ხალხი ნოემბერში დაავადდა. ჩინური მედიის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლომდე, სულ მცირე, 181 ადამიანი დაავადდა ბრუცელოზით სწორედ ამ ინსტიტუტში. 

ჩინეთის სახელმწიფო მედია წერს, რომ ლანჭოუს უნივერსიტეტში 20-ზე მეტი სტუდენტი და ფაკულტეტის წევრი დაავადდა. ავად გახდა ასევე ზოგი პირი, ვინც ამ დროს ინსტიტუტში იმყოფებოდა. 

ლანჭოუ ჯანდაცვის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ბაქტერია უფრო ხშირად ცხვრებს, ძროხებსა და ღორებს  გადაჰქონდათ.  

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციის მიხედვით, ადამიანის მიერ ადამიანისთვის ბრუცელოზის გადაცემა  "ძალიან იშვიათია", თუმცა დაავადების ზოგი სიმპტომი შეიძლება განმეორდეს ან არასოდეს აღარ წავიდეს. 

ეს განმეორებითი სიმპტომებია სიცხე, ქრონიკული დაღლილობა, გულის შესიება ან ართრიტი. 

ლანჭოუელმა მაღალჩინოსნებმა ასევე თქვეს, რომ ქარხანას ბრუცელოზის ვაქცინის წარმოების ლიცენზია ჩამოართვეს. ასევე შეაჩერეს 7 ვეტერინარიული წამლის წარმოება. თებერვალში ქარხანამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ინციდენტზე პასუხისმგებელი 8 პირი მკაცრად დასაჯეს. 

ადგილობრივი მაღალჩინოსნების თქმით, პაციენტებისთვის კომპენსაციის მიცემა ოქტომბრიდან დაიწყება. თუ რა სახის კომპენსაციაზეა ლაპარაკი, ცნობილი არ არის. 

კომენტარები