არჩევნები 2020

მოწყალების მთხოვნელი ქალები ამბობენ, რომ ბაგრატის ეზო გახარიას ვიზიტის გამო დაატოვებინეს

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე

მთავარი არხის ცნობით, ბაგრატის ტაძრიდან მოწყალების მთხოვნელები გამოუშვეს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების პარტიული ღონისძიება უნდა გამართულიყო.

"გაჭირვებული ხალხი გამოგვყარეს ეკლესიიდან, რომლებიც ვალაგებთ, ქეც ვემსახურებით, კი, მოწყალებასაც ვთხოვილობთ, მერე რა მოხდა... გამოგვიშვეს, არ შეიძლება თურმე გახარიასთან შეხვედრა, რომ გაჭირვებული ხალხი არ ჰყავთ მაგენს", - ამბობს ერთ-ერთი ქალი მთავარ არხთან საუბრისას.


"მეუფე იოანე გამრეკელი, გვეუბნება, რომ ხუთ-ხუთ ლარს მოგცემთო და წადითო. როცა ჭირდებათ, ტუალეტსაც ალაგებენ ქალები და ყველაფერს ემსახურებიან. გახარია მოდისო, ერთი-ორი საათი დაგვტოვეთო", - უთხრა მოწყალების მთხოვნელმა მეორე ქალმა მთავარ არხს.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, რომელსაც ანტიდასავლელისა და პუტინისტის რეპუტაცია აქვს, ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებას ესწრება. მან მმართველ პარტიას ბაგრატის ისტორიული ტაძრის ეზოში კანდიდატის, ზაზა ლომინაძის წარდგენის უფლება მისცა. 

მიტროპოლიტი იოანე პრესის ინტერესის საგანი ცოტა ხნის წინაც გახდა, როცა ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პუტინისტურმა პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" ღონისძიება გამართა.

მაშინ საპატრიარქომ თქვა, რომ ტერიტორია, რომელზეც პუტინისტები ყრილობას მართავდნენ, საქართველოს ეკლესიის საკუთრება არ არის.

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს აქამდე საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი დაესწრო, რასაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა. ISFED აცხადებს რომ "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის".

ორგანიზაცია სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

 

კომენტარები