პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ოპოზიციონერმა ქალებმა პირადი ცხოვრების კადრების საწინააღმდეგო მემორანდუმი გააფორმეს

0 კომენტარი

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, პარტია ევროპული საქართველოს წევრმა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა და სხვა ოპოზიციონერმა ქალებმა პარლამენტის წინ გაცხადება გააკეთეს და ქალ პოლიტიკოსთა უფლებების დაცვის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ისინი გმობენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღებას, გავრცელებას და შანტაჟს.

პოლიტიკოსები სახელმწიფოს და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, რეაგირება მოახდინონ და დამნაშავეები მთელი სიმკაცრით დასაჯონ.

"ჩვენ, პოლიტიკოსი ქალები ჩვენი პარტიული კუთვნილების თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, დღეს ვერთიანდებით, რომ დავგმოთ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღება, გავრცელება, ასევე კადრების გავრცელებით დაშინება და შანტაჟი.

პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ესაა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ძირითადი უფლება.

ბოლო წლებში ხშირად ხდება პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება ან ამ კადრების გავრცელებით მანიპულირება და შანტაჟი. ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პირადი ცხოვრებით მანიპულირება ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

დაუშვებელია სექსუალური ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების, შერცხვენის, დაშინების მიზნით.

ქალი პოლიტიკოსები მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა ქალს, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მსხვერპლი გამხდარა. ჩვენ ვგმობთ მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას.

ჩვენ, პოლიტიკოსი ქალები, მოვუწოდებთ სახელმწიფოს და ყველა შესაბამის უწყებას, უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ და მთელი სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები". – ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

"ყველა შემთხვევის დროს უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად სოლიდარულები იმიტომ, რომ ეს ისეთი დანაშაულია, რომელზეც არ შეიძლება, თვალი დახუჭო და მე მგონია, რომ პირადად ჩემი მაგალითი არის ის მაგალითი, რომ ჯერ მე თვითონ გადავდგი ნაბიჯი საკუთარი უფლებების დასაცავად და სხვებისთვისაც მინდოდა ყოფილიყო რაღაც შინაგანი მამოტივირებელი ენერგია," - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

თეონა ჭალიძემ, პარტია სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრმა, აღნიშნა, რომ ისინი ერთად უცხადებენ სოლიდარობას ყველა იმ ქალ პოლიტიკოსს, რომელთა პირადი ცხოვრებაც გასაჯაროვდა - "დღეს ვერთიანდებით იმისთვის, რომ დავგმოთ ის უმსგავსო ფაქტები, რაც აქამდე განხორციელებულა და პრევენცია მოვახდინოთ იმის, რომ არ გაბედოს არავინ და ქალ პოლიტიკოსებზე მსგავსი ზეწოლა არ მოახდინოს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები