ნავალნის მოწამვლა

ნოვიჩოკით მოწამლული ნავალნი ფეხზე წამოდგა და თავის მდგომარეობაზე წერილს ავრცელებს

რუსეთში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ბერლინის კლინიკიდან ახალ ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ის უკვე ფეხზე წამოდგა. ნავალნი თავის მდგომარეობაზე წერს და გამოჯანმრთელებისკენ მიმავალ გზას აღწერს:

"მოდი მოგიყვებით, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი გამოჯანმრთელება. ეს უკვე ნათელი გზაა, თუმცა, არც ისე მოკლე. ყველა ამჟამინდელი პრობლემის მოყოლას, რომ ჩემს ხელში ტელეფონი ქვასავით უსარგებლოა და რომ ცოტაოდენი წლის დალევა მთელ ამბად იქცევა, აზრი არა აქვს.

აგიხსნით. ცოტა ხნის წინ მე ვერ ვცნობდი ხალხს და არ მესმოდა, როგორ უნდა მელაპარაკა. ყოველ დილას ექიმი მოდიოდა  და მეუბნებოდა: ალექსეი, დაფა მოვიტანე, მოდი მოვიფიქროთ, რა სიტყვა დავწეროთ ზედ. ამან სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო, რადგან, მართალია, მთლიანობაში უკვე მესმოდა, თუ რა უნდოდა ექიმს, მაგრამ არ მესმოდა, სად მეპოვა სიტყვები. თავის რა ნაწილში ჩნდებიან ისინი? სად უნდა მომეძებნა სიტყვა და რა უნდა მეღონა იმისათვის, რომ მას რაღაც მნიშვნელობა ჰქონოდა? ეს ყველაფერი გაუგებარი  იყო. თუმცა, მე  არც ის ვიცოდი, როგორ გამომეხატა სასოწარკვეთა და ამიტომ უბრალოდ ჩუმად ვიყავი. მე ასევე აღვწერ შემდგომ ეტაპს, რაც მახსოვს.

ახლა მე ვარ ბიჭი, რომელსაც ფეხები უკანკალებს, როდესაც კიბეზე ადის, თუმცა ის ფიქრობს: "ოჰ, ეს კიბეა! მასზე ადიან. ალბათ, ლიფტი უნდა მოვძებნო". მანამდე კი უბრალოდ ვიდექი იქ უაზროდ და ვუყურებდი. ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა ბერლინის კლინიკის, Charité-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოცარმა ექიმებმა გადაჭრეს მთავარი პრობლემა. მათ მე "ტექნიკურად ცოცხალი ადამიანიდან" გადამაქციეს ისეთ [ადამიანად], ვისაც ყველა შანსი აქვს, კვლავ გახდეს თანამედროვე საზოგადოებაში ყოფნის უმაღლესი ფორმა - ადამიანი, რომელსაც შეუძლია Instagram-ის სწრაფად დათვალიერება და უყოყმანოდ ესმის, თუ სად უნდა მოიწონოს [ფოტოები]".

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა, დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

17 სექტემბერს ნავალნის გუნდში თქვეს, რომ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

რა არის ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები