იტალია

რა უნდა იცოდეთ იტალიის საკონსტიტუციო რეფერენდუმის და რეგიონული არჩევნების შესახებ

საკონსტიტუციო რეფერენდუმი

იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი 2020 წლის 29 მარტს იყო დანიშნული, თუმცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ კარანტინის გამოცხადების გამო გადაიდო და 20-21 სექტემბერს რეგიონულ არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

ამომრჩევლები ხმას მისცემენ კონსტიტუციის რამდენიმე მუხლში ცვლილებების შეტანას. ლაპარაკია კონსტიტუციის 56-ე, 57-ე და 59-ე მუხლებზე, რომლებიც პარლამენტის ქვედა და ზედა პალატებში დეპუტატების რაოდენობას განსაზღვრავს. ცვლილებების მიღების შემთხვევაში ქვედა პალატაში წარმომადგენლების რაოდენობა 630-დან 400-მდე შემცირდება, სენატში კი 315-დან 200-მდე. გარდა ამისა, 5-მდე შემცირდება იმ სენატორების რაოდენობა, რომელთა უვადოდ დანიშვნასაც პრეზიდენტი შეძლებს რესპუბლიკისათვის გაწეული ღვაწლისათვის.

“ეთანხმებით თუ არა საკონსტიტუციო კანონის ტექსტს პარლამენტარების რაოდეობის შემცირებისთვის 56-ე, 57-ე და 59-ე მუხლების შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა მიიღო და Gazzetta Ufficiale-ს 240-ე ნომერში 2019 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა?” - ასეა ფორმულირებული რეფერენდუმის კითხვა.

იტალიის ისტორიაში ეს მეოთხე საკონსტიტუციო რეფერენდუმია და დამტკიცების შემთხვევაში მეორე იქნება, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობის მხარდაჭერით საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი დაიწყო 2016 წელს, როდესაც ხელისუფლებაში იყო დემოკრატიული პარტიის კოალიცია, პრემიერმინისტრის პოსტს კი მატეო რენცი იკავებდა. თავდაპირველი შემოთავაზებით სენტორების რაოდენობა 100-მდე უნდა შემცირებულიყო და სენატს ხმის მიცემის უფლება ეკვეცებოდა. ასევე იზრდებოდა ცენტრალური მთავრობის ძალაუფლება და სენატს ერთმეოდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება.

შემოთავაზებულ რეფორმებს მძაფრი კრიტიკა მოჰყვა და, შედეგად, რენცი თანამდებობიდან გადადგა.

რეფორმების ამჟამინდელი პროექტი მხოლოდ პარლამენტში ადგილების შემცირებას მოიცავს.

5 ვარსკვლავის პარტია, რომელმაც ახალი კოალიციური მთავრობა შექმნა, ამბობს, რომ ცვლილებების მიზანი ბიუროკრატიის, სამთავრობო ხარჯებისა და კორუფციის შემცირებაა.

მათი გათვლებით, პარლამენტარების რაოდენობის შემცირება 5 წლის განმავლობაში ქვეყანას 500 მილიონ ევროს დაუზოგავს. დამოუკიდებელი ეკონომისტების გათვლებით კი დაიზოგება 285 მილიონ ევრომდე.


ფოტო: AP

„ჯამში თითქმის 1000-მდე პარლამენტარის ყოლას გარდაუვლად მივყავართ საპარლამენტო ჯგუფების უფრო მეტად ფრაგმენტაციისკენ, რაც, ზოგჯერ წარმოადგენს არა ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ძალებს, არამედ პატარა ჯგუფებს, რომელთა მიზანიც თვითგადარჩენაა. პარლამენტარების უფრო გონივრული რაოდენობა ნიშნავს ნაკლებ პოლიტიკურ კლანს და მხოლოდ იმ პარტიების და მოძრაობების დარჩენას, რომლებიც მოსახლეობის არჩევანს წარმოადგენენ“. - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პროპორციულად, იტალია პარლამენტის წევრების რაოდენობით მართლაც აღემატება ყველა მეზობელ ქვეყანას. ამჟამად ყოველ 100 000 მოსახლეზე 1.6 კანონმდებელი მოდის. საკონსტიტუციო რეფორმებით ეს რიცხვი ყოველ 151 000 მოსახლეზე ერთ კანონმდებლამდე შემცირდება.

რეფორმების კანონპროექტმა პარლამენტში ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. მას ემხრობა 5 ვარსკვლავის მოძრაობა, რომელმაც 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთ-ერთ მიზნად სწორედ ბიუროკრატიის შემცირება დაასახელა, თუმცა ცვლილებებისადმი ერთსულოვანი მხარდაჭერა არ არის მათი კოალიციის პარტნიორ დემოკრატიულ პარტიაში. ცვლილებას მხარს უჭერენ ულტრამემარჯვენე პარტიები, 5 ვარსკვლავის მოძრაობის ყოფილი კოალიციური პარტნიორი ჩრდილოეთის ლიგა და პარტია იტალიის ძმები. რენცის Italia Viva-ს და ბერლუსკონის Forza Italia-ს აქამდე არც ცვლილებების მხარდაჭერა გამოუხატავს და არც წინააღმდეგობა. ცვლილებას მცირე ზომის პარტიები ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ პარლამენტარების რაოდენობის და, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მათი წარმომადგენლობის შემცირებით დემოკრატიული პროცესი დაზარალდება.

2-4 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 70% ცვლილებების მომხრეა. სხვა გამოკითხვით, მომხრეა 51.3%, წინააღმდეგია 17.9%, ხოლო 30.8%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ან პასუხზე უარს ამბობს.

რეგიონული არჩევნები

საკონსტიტუციო რეფერენდუმთან ერთად იტალიის 7 რეგიონში, კონკრეტულად კი ტოსკანაში, ლიგურიაში, კამპანიაში, ვალე-დ’აოსტაში, მარკეში, აპულიასა და ვენეტოში რეგიონული არჩევნები ჩატარდება, რომელშიც იტალიის ამომრჩეველთა 35% მიიღებს მონაწილეობას. მათ რეგიონების პრეზიდენტები და ადგილობრივი მთავრობები უნდა აირჩიონ.

ამ დროისათვის 4 რეგიონს - აპულიას, მარკეს, ტოსკანას და კამპანიას- მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტია მართავს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობისათვის აუცილებელი არ არის, რეგიონულ მთავრობებში უმრავლესობას ფლობდეს, ამ რეგიონებში დამარცხება მმართველი კოალიციისათვის დიდი დარტყმა იქნება. მათ მთავარ ოპონენტს მემარჯვენე პარტიები, კონკრეტულად კი მატეო სალვინის ჩრდილოეთის ლიგა წარმოადგენს.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან იტალიის ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგა. იტალიის ბანკის პროგნოზით 2020 წელს ქვეყნის მშპ 9.5%-ით შემცირდება, რამაც, შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების რეიტინგზე.

2018 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის მთავრობაში 5 ვარსკვლავის მოძრაობის და ჩრდილოეთის ლიგის კოალიციური მთავრობა მოვიდა, თუმცა 2019 წელს პარტიებს შორის უთანხმოების გამო კოალიცია დაიშალა და 5 ვარსკვლავის მოძრაობამ მთავრობა დემოკრატიულ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა. შედეგად, ჩრდილოეთის ლიგა ოპოზიციაში გადავიდა.

ლუიჯი დი მაიო და მატეო სალვინი
ფოტო: ANSA
იტალიის კოალიციური მთავრობის პარტნიორებს შორის დაპირისპირება ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე გერმანელი ურსულა ფონ დერ ლეიენის დანიშვნას მოჰყვა. ჩრდილოეთის ლიგამ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. სალვინიმ თქვა, რომ არსებული მთავრობის შენარჩუნება დამოკიდებული იყო სამთავრობო კოალიციაში მათი პარტნიორის, 5 ვარსკვლავის მოძრაობის გადაწყვეტილებაზე და მათთან რეგიონული ავტონომიის გაზრდაზე, მომავალი წლის ბიუჯეტსა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე თანამშრომლობაზე.

უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი გახდა იტალიის ქალაქ ტურინისა და საფრანგეთის ქალაქ ლიონის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი. მრავალმილიარდიანი პროექტის ფარგლებში ალპებში 58 კილომეტრი სიგრძის გვირაბი უნდა გაეყვანათ, რასაც 5 ვარსკვლავის მოძრაობა ეწინააღმდეგებოდა.

პროექტი 20 წლის წინ დაიწყო და 2025 წელს უნდა დასრულებულიყო. თავდაპირველი გათვლებით ის 8.6 მილიარდი ევრო დაჯდებოდა, თუმცა იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა, 5 ვარსკვლავის მოძრაობის წევრმა დანილო ტონინელიმ თქვა, რომ ფასი 20 მილიარდს მიაღწევს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს მეტისმეტად ძვირადღირებული პროექტია და, ამასთანავე, გარემოსათვის საზიანო. სალვინის აზრით კი რკინიგზა მგზავრობის დროს გაანახევრებს, მანქანების რაოდენობას შეამცირებს და სამუშაო ადგილებს შექმნის.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის არჩევნებში 5 ვარსკვლავის მოძრაობამ ჩრდილოეთის ლიგაზე 2-ჯერ მეტი ხმა აიღო, თუმცა მას შემდეგ ჩატარებული გამოკითხვებით ქვეყანაში ამჟამად საპირისპირო მდგომარეობაა, მკვეთრად იკლებს 5 ვარსკვლავის მოძრაობის რეიტინგი და იზრდება ჩრდილოეთის ლიგის და სხვა მემარჯვენე პარტიების რეიტინგი.

2018 წლის არჩევნების შემდეგ ჩრდილოეთის ლიგამ, პარტია იტალიის ძმებმა და სილვიო ბერლუსკონის პარტიამ დემოკრატიული პარტია 9-დან 8 რეგიონულ არჩევნებში დაამარცხეს. მათ საგრძნობლად ჩამორჩებოდა 5 ვარსკვლავის მოძრაობა.

რეგიონული მთავრობების მნიშვნელობა კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა, რადგან რეგიონებში დაწესებულ შეზღუდვებზე და კორონავირუსთან ბრძოლის ადგილობრივ სტრატეგიებზე გადაწყვეტილებას სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება იღებდა. მოსალოდნელია, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილებები მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

ვინჩენცო დე ლუკა: "გავიგე, რომ ზოგიერთი წვეულების მოწყობას გეგმავს. პოლიციას გამოვგზავნი ცეცხლსატყორცნებით"
მაგალითისათვის, რეგიონ კამპანიის პრეზიდენტის, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, ვინჩენცო დე ლუკას რეიტინგი მის მიერ გატარებული ზომების გამო მკვეთრად გაზრდილია და მოსალოდნელია, რომ არჩევნებში კვლავ ის გაიმარჯვებს. დე ლუკა სოციალურ ქსელებშიც პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც არალეგალური შეკრებების მონაწილეებს ცეცხლსატყორცნით შეიარაღებული პოლიციელების გამოძახებით დაემუქრა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლის პროვინცია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია, იქ კორონავირუსით დაავადების მხოლოდ 4 000 შემთხვევა გამოვლინდა. ამ შედეგს დე ლუკას მიერ გატარებულ მკაცრ ზომებს მიაწერენ, რის გამოც ის მთავარ კონკურენტს, ბერლუსკონის პარტიის წარმომადგენელს, რეგიონის ყოფილ პრეზიდენტ სტეფანო კალდოროს უკანასკნელი გამოკითხვებით 20%-ით უსწრებს.

განსხვავებული სიტუაციაა მარკეში, სადაც მოქმედ პრეზიდენტს, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ლუკა ჩერიშოლის მემარჯვენე პარტიების საერთო კანდიდატი, პარტია იტალიის ძმების წარმომადგენელი ფრანჩესკო აკუაროლი სხვადასხვა გამოკითხვით 8-დან 15%-მდე სხვაობით უსწრებს.

მემარცხენე კოალიცია კიდევ ერთი რეგიონის, ტოსკანის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. რეგიონს უკვე 50 წელია, მემარცხენე ადმინისტრაცია მართავს, თუმცა ამჯერად მოქმედ პრეზიდენტს, მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის კანდიდატს ეუგენიო ჯანის ჩრდილოეთის ლიგის კანდიდატი, ევროპარლამენტარი სუზანა ჩეკარდი უპირისპირდება. მართალია ჯანი ჩეკარდის 6%-ით უსწრებდა, თუმცა 1 სექტემბერს Winpoll-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით ეს რიცხვი 0.5%-მდეა შემცირებული.

ტოსკანის მსგავსად რთულია შედეგების წინასწარმეტყველება აპულიის რეგიონში.აქ დემოკრატიული პარტიის ყოფილ წევრს, ამჟამად დამოუკიდებელ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტს, მიკელე ემილიანოს პარტია იტალიის ძმების წევრი ევროპარლამენტარი რაფაელე ფიტო უპირისპირდება. ფიტოს წინააღმდეგ 2000-2005 წლებში რეგიონის პრეზიდენტობის დროს ჩადენილი კორუფციის ბრალდებით საქმე იყო აღძრული, თუმცა ის გაამართლეს. ამის გამო, ერთი შეხედვით, ემილიანოსთვის ფიტოს დამარცხება რთული არ უნდა ყოფილიყო, რომ არა დემოკრატიული პარტიის გადაწყვეტილება მატეო რენცის პარტია Italia Viva-სთან და ლიბერალურ პარტია +Europa-სთან ერთად საკუთარი კანდიდატი წარედგინა. ემილიანომ ვერც 5 ვარსკვლავის მოძრაობის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო და მათაც საკუთარი კანდიდატი, ანტონელა ლარიჩია წარადგინეს. შესაბამისად, უკანასკნელ გამოკითხვებში ის ფიტოს 1%-ით ჩამორჩება.

სამთავრობო კოალიციის პარტნიორებმა, 5 ვარსკვლავის მოძრაობამ და დემოკრატიულმა პარტიამ შეთანხმება მოახერხეს ლიგურიაში წარსადგენ კანდიდატზე. აქ მოქმედი პრეზიდენტი ჯოვანი ტოტი ბერლუსკონის პარტიას წარმოადგენს. მიუხედავად საერთო კანდიდატისა, უკანასკნელი გამოკითხვებით ტოტი ხმათა 60%-ს აიღებს.

ასეთივე ნათელია ვენეტოს არჩევნების ბედი. რეგიონში მაღალია ჩრდილოეთის ლიგის მხარდაჭერა, ხოლო მმართველი პრეზიდენტი ლუკა ძაია ყველაზე პოპულარული ადგილობრივი მმართველია მთელ ქვეყანაში. მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ძაია კორონავირუსის პანდემიას ეფექტიანად გაუმკლავდა და ადრეულ ეტაპზე დაიწყო ფართომასშტაბიანი ტესტირების პროგრამა. გამოკითხვების მიხედვით ის ხმათა მინიმუმ 70%-ს მიიღებს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესოა რამდენად გადააჭარბებს მოსალოდნელ რიცხვებს ძაიას მიერ მოპოვებული ხმები, რადგან, თუ მისი პოპულარობა ჩრიდლოეთის ლიგის ლიდერის, მატეო სალვინისას გადაასწრებს, შესაძლოა, პარტიის ლიდერობა სწორედ ძაიას ხელში გადავიდეს. ძაია პოპულარობის ზრდის გარდა ამის ხელშემწყობი კიდევ ერთი ფაქტორი არსებობს. კონკრეტულად კი სალვინის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება.

მატეო სალვინი და ლუკა ძაია
იტალიის სენატმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ სალვინის საპარლამენტო იმუნიტეტი მიგრანტებისათვის იტალიის პორტების უკანონოდ დაკეტვის ორ საქმეზე მოუხსნა. შესაბამისად, მისი საქმე სასამართლოს გადაეცემა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სალვინის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, 2019 წლის აგვისტოში, სალვინიმ სიცილიის სანაპიროსთან მყოფი იტალიის სასაზღვრო დაცვის ხომალდს, რომელზეც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 116 მიგრანტი იმყოფებოდა პორტები ერთი კვირის განმავლობაში დაუხურა. მიგრანტები იტალიაში ლიბიიდან მიდიოდნენ. სასაზღვრო დაცვამ 140 მიგრანტი გადაარჩინა, მათ ნაწილს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ხმელეთზე გადასვლის უფლება მისცეს. სალვინი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებდა მათ მიეღოთ მიგრანტები. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანა მის პირობებს დასთანხმდა სალვინიმ გემს პორტში შესვლის უფლება მისცა.

2019 წელის აგვისტოში კიდევ ერთი, Open Arms-ის კუთვინილი გემს დაუხურეს პორტები, რომელზეც ასევე ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები იმყოფებოდნენ. გემზე ხემელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 80-ზე მეტი მიგრანტი იყო.

სალვინის პარტიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე და მისი მთავრობა. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ სალვინიმ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და პრემიერმინისტრის მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

მატეო სალვინი
ფოტო: Reuters

თავად სალვინი კი ამბობს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით ამაყობს და ამით ის იტალიას იცავდა.

რეგიონული არჩევნები აჩვენებს, შეძლებენ თუ არა ულტრამემარჯვენე პარტიები, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთის ლიგა კოალიციის ჩავარდნის შემდეგ პოპულარობის დაბრუნებას. რეფერენდუმის წარმატებით დასრულებას და რეგიონებში მოქმედი პრეზიდენტების შენარჩუნებას კი მმართველი კოალიციის სტაბილურობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

კომენტარები