19 სექტემბერს ბელარუსის დედაქალაქში, მინსკში გამართულ მორიგ ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციამ ათობით მომიტინგე დააკავა.
მინსკის ქუჩებში ასობით ადამიანი ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მსვლელობას მართავდა. მომიტინგეთა უმეტესობა ქალი იყო.
აქტივისტებს და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – პოლიციამ მათ გზა გადაუღობა და შეკრებილების დაკავება დაიწყო.
დაკავებულებს შორისაა ბელარუსში ცნობილი, 73 წლის აქტივისტი, ნინა ბაგინსკაია.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.