ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა, 30 – თბილისში, 19 – ქუთაისში

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი 196 შემთხვევიდან 128 გამოვლინდა აჭარაში, თბილისში – 30, ქუთაისში – 19, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, ქვემო ქართლში – 5, გურიაში – 4, მცხეთა-მთიანეთში – 2, შიდა ქართლში – 1 და კახეთში – 1.

ეზუგბაიას თქმით, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 836 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმე თოთხმეტია.

"მიმდინარე შემთხვევებიდან გვყავს 14 კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი და 80-მდე მძიმე პაციენტი, დანარჩენთა მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის გახლავთ". – აღნიშნავს მარინა ეზუგბაია.

მისივე განმარტებით, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც და ჯამში ინფიცირებულთა 43% შეადგინა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის 16 სექტემბერს გამოვლენილი რეკორდული მაჩვენებლის გამეორებაა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 502 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები