ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის სამშობიარო სახლმა COVID-19-ით ინფიცრებული კიდევ 4 ორსული მიიღო

adjara.gov.ge

ბათუმის სამშობიარო სახლში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 4 ორსული მოათავსეს. როგორც ტაბულას კლინიკაში უთხრეს, ამჟამად სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 20 ორსული იმყოფება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. დღეს, 20 სექტემბერს, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 128 აჭარაში გამოვლინდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 502 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები