კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 80-ზე მეტის - მძიმე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით,  ჯამში, კოვიცდენტრებსა და სასტუმროებში 2133 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. აქედან 50%-ზე მეტს სასტუმრო-ჰოსპიტლებში მეთვალყურეობენ და მათი მდგომარეობა მსუბუქია. რაც შეეხება კოვიდცენტრებში მყოფ პაციენტებს, 16 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 80-ზე მეტის - მძიმე.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19 კიდევ 193 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 53 იმერეთში, ხოლო 31 - თბილისში.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 695 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 534 პაციენტი და გარდაიცვალა – 20. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, მეოცე გარდაცვლილი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია, რომლის მდგომარეობაც თავიდანვე კრიტიკული იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები