ნოვიჩოკი

რუსმა მეცნიერმა, რომელიც "ნოვიჩოკის" შექმნაში მონაწილეობდა, ნავალნის ბოდიში მოუხადა

ვილ მირზაიანოვი

რუსმა მეცნიერმა, რომელიც "ნოვიჩოკის" შექმნაში მონაწილეობდა ალექსეი ნავალნის ბოდიში მოუხადა. ვილ მირზაიანოვმა TV Rain-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით, არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს.

"გულწრფელად ბოდიშს ვუხდი ნავალნის იმის გამო, რომ იმ ნივთიერების შექმნაში ვმონაწილეობდი, რომლითაც ის მოწამლეს". – თქვა მან.

მირზაიანოვს მიაჩნია, რომ ნავალნი დროთა განმავლობაში გამოკეთდება და სრულ გამოჯანმრთელებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება:

"ნავალნის მოუწევს მოთმინება გამოიჩინოს, მაგრამ, საბოლოოდ, ის ჯანმრთელი უნდა იყოს".

იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ნავალნის გარეშემო მყოფ პირებს მოწამვლის სიმპტომები არ ჰქონიათ, მირზაიანოვი ვარაუდობს, რომ რუსი ოპოზიციონერის სხეულში საწამლავი პირიდან მოხვდა. განსხვავებული მოსაზრება აქვს "ნოვიჩოკის" პროგრამაზე მომუშავე კიდევ ერთ მეცნიერს, ვლადიმირ უგლევს. მისი თქმით, ფაქტი, რომ ნავალნი გადარჩა მიუთითებს იმაზე, რომ მას საწამლავთან შეხება მხოლოდ კანით ჰქონდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებების ფორმულები 1990-იან წლებში დისიდენტმა საბჭოთა ქიმიკოსმა, ვილ მირზაიანოვმა გამოაქვეყნა. ის ადასტურებს, რომ ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი მხოლოდ რუსეთს აქვს და რუსეთი ნოვიჩოკის არსებობას ქიმიური იარაღის კონვენციის ხელმოწერის შემდეგაც მალავდა.ქიმიურ იარაღზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ის დააკავეს, თუმცა დასავლეთის ზეწოლის შემდეგ გაათავისუფლეს და ამჟამად ის აშშ-ში ცხოვრობს.

"ნოვიჩოკის" შექმნის, მოქმედების და მისი მსხვერპლების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები