FinCEN-ის დოსიე

FinCEN-ის დოსიე - რა უნდა ვიცოდეთ ფულის გათეთრების უმსხვილეს სქემაზე

მსოფლიოში რამდენიმე უმსხვილესი ბანკი კრიმინალებს საშუალებას აძლევდა გადაერიცხათ და ემოძრავებინათ "შავი" ფული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მედიის ხელში აღმოჩენილი მასალებიდან ირკვევა, რომ საუბარია დაახლოებით 2 ტრილიონის დოლარის ტრანზაქციებზე. 

საუბარია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროში შემავალ ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის [FinCen] დოკუმენტებზე. ბოლო წლების განმავლობაში ეს მსხვილი ფინანსური თაღლითური სქემების დოკუმენტების გაჟონვის უკვე მეხუთე შემთხვევაა.

რა არის FinCen-ის ფაილები?

FinCen-ის ფაილები ეს არის დაახლოებით 2 500 ფინანსური ანგარიში, რომელსაც დასავლური ბანკები კანონის მოთხოვნით 2000-დან 2017 წლამდე პერიოდში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უგზავნიდნენ. 

ამ ანგარიშებში ბანკები ფინანსთა სამინისტროს საკუთარი კლიენტების საეჭვო ქცევის შესახებ ატყობინებდნენ, თუმცა მხოლოდ ეს დოკუმენტები არ არის საკმარისი დანაშაულის დასამტკიცებლად.

აღნიშნული დოკუმენტები გამოცემა Buzzfeed-მა მოიპოვა, რომელმაც თავის მხრივ ეს მასალები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გადასცა. ამ გაერთიანებაში შედის 108 მედია საშუალება 88 ქვეყნიდან.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

კრიმინალები ცდილობენ დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებულ თანხების ლეგალიზებას და ამისთვის განსხვავებულ სქემებს იყენებენ. ფულის გათეთრება - არის პროცესი, რომელიც გულისხმობს ე.წ. "შავი" ფულის გადარიცხავს [მაგალითად, ნარკოტიკების ვაჭრობით ან კორუფციული სქემებით მიღებული შემოსავალი] რომელიმე რესპექტაბელურ დასავლურ ბანკში, სადაც ამ ფულის დანაშაულებრივ კვალზე გასვლა გართულდება. 

დაახლოებით, იგივე რამეს აკეთებენ რუსი ოლიგარქებიც, რომელთა წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები მოქმედებს. მათთვის მსგავსი სქემები ფინანსების მოძრაობისა და ბრუნვაში ჩაშვების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. 

კეთილსინდისიერ ფინანსურ დაწესებულებებში ნაგულისხმებია, რომ ბანკებმა ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციონ და არ უნდა დაეხმარონ საკუთარ კლიენტებს ფულის გათეთრებასა და მოქმედი შეზღუდვების გვერდის ავლაში. 

დასავლური კანონმდებლობის მიხედვით, ბანკებმა უნდა იცოდნენ ვინ არის მათი კლიენტი. რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტების საეჭვო ქცევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ არის საკმარისი, ბანკებმა საკითხში ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და არ უნდა ელოდნენ, რომ პრობლემებს სახელმწიფო უწყებები მოაგვარებენ. 

თუ კი ბანკს გააჩნია რაიმე მტკიცებულება საკუთარი კლიენტის კავშირებზე დანაშაულებრივ საქმიანობასთან, ფულის მიმოქცევა მყისიერად უნდა შეჩერდეს. 

FinCen-ის დოკუმენტები გვეხმარება დაახლოებითი წარმოდგენა შევიქმნათ იმის შესახებ თუ რა იციან დასავლურმა ბანკებმა ბინძური ფულის ნაკადების შესახებ მთელ მსოფლიოში.

საუბარია, დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარის მოცულობის საეჭვო ტრანზაქციებზე, თუმცა, დოკუმენტების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, ეს რიცხვი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს. 

რა გავიგეთ დოკუმენტებიდან?

  • HSBC ბანკი საშუალებას აძლევდა თაღლითებს მთელ მსოფლიოში გამოეყენებინათ ბანკის სერვისები ფულის სამოძრაოდ. ბანკი აღნიშნულ საქმიანობას მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც ამერიკელმა გამომძიებლებმა თაღლითური სქემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
  • JP Morgan-მა საშუალება მისცა ერთ-ერთი კომპანიას გადაერიცხა 1 მილიარდი დოლარი, ისე, რომ ბანკმა არ იცოდა ვის ეკუთვნის კომპანია. მოგვიანებით, გაირკვა, რომ აღნიშნულ კომპანია, შესაძლოა, იმ ადამიანის საკუთრებაში ყოფილიყო, რომელიც FBI-ის ყველაზე საშიში ძებნილი დამნაშავეების პირველ ათეულში ირიცხებოდა.
  • ირკვევა, რომ ვლადიმერ პუტინის მეგობარი და მისი გარემოცვის უახლოესი წევრი, არკადი როტენბერგი დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ბანკ Barclays-ს იყენებდა, ფულის ნაწილით როტენბერგმა ხელოვნების ნიმუშები შეიძინა.
  • აშშ-ს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში დიდი ბრიტანეთი "მაღალი იურიდიული რისკის მქონე ქვეყანად მოიხსენიება." ამის მიზეზი კი ქვეყანაში დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაა, რომელიც საეჭვო ტრანზაქციებში მონაწილეობდნენ. საეჭვო ტრანზაქციების დოკუმენტებში სულ 3 000 ბრიტანული კომპანია ფიგურირებს, რაც უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
  • არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურმა ბანკმა არ მიიღო არავითარი ზომები ადგილობრივი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ირანს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა. 
  • Deutsche Bank-ი საკუთარ ქსელში ამოძრავებდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების, ტერორისტული ორგანიზაციებისა და ნარკომოვაჭრეების შავ ფულს.
  • ბანკი Standard Chartered-ი წლების განმავლობაში აგრძელებდა Arab Bank-ის კუთვნილი ფულის მოძრაობას, მას შემდეგაც, რაც ცნობილი იყო, რომ ამ უკანასკნელის ანგარიშები ტერორიზმის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.

რითი განსხვავდება FinCen-ის დოკუმენტები წინა შემთხვევებისგან?

ბოლო წლების განმავლობაში მოცულობითი ფინანსური დოკუმენტების რამდენიმე მსხვილი გაჟონვა მოხდა, მათ შორის:

  • ე.წ. "სამოთხის დოსიე" - 2017 წელს გამომძიებელ-ჟურნალისტთა ჯგუფს ხელში ჩაუვარდა ოფშორული იურიდიული კომპანიების Appleby-ს და Estera-ს დოკუმენტები. აღნიშნული კომპანიები 2016 წლამდე ერთიანი სტრუქტურას წარმოადგენდა და Appleby-ს სახელით ფუნქციონირებდა. დოკუმენტების შესწავლის შედეგად ცნობილი გახდა პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და ცნობადი სახეების ოფშორული გარიგებების შესახებ.
  • პანამური დოსიე - 2016 წელს ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ პანამური იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca-ს დოკუმენტები, რომელთა შესწავლის შედეგად ცნობილი გახდა, როგორ იყენებდნენ ცნობილი ადამიანები მთელი მსოფლიოდან ოფშორულ საგადასახადო რეჟიმებს საკუთარი ინტერესებისთვის.
  • შვეიცარული საბანკო დოკუმენტების გაჟონვა - 2015 წელს ცნობილი გახდა, როგორ ეხმარებოდა HSBC ბანკის ადგილობრივი ფილიალი საკუთარ კლიენტებს გადასახადებისგან თავის არიდებაში. ამისათვის კი შვეიცარიის კანონმდებლობას იყენებდა, რომელიც საბანკო საიდუმლოებას ეხება.
  • LuxLeaks - 2014 წელს ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ აუდიტორიული კომპანია PriceWaterhouseCoopers-ის დოკუმენტები, რომელიც აჩვენებდა, როგორ იყენებდნენ მსხვილი კომპანიები ლუქსემბურგს გადასახადების შესამცირებლად და ოპტიმიზაციისთვის.

FinCen-ის ფაილები წინა შემთხვევებისგან განსხვავდება იმით, რომ ეს არ არის ერთი ან ორი კომპანიის დოკუმენტები, არამედ ფაილები, რომელიც მრავალი ქვეყნიდან ათეულობით ბანკის საქმიანობას ეხება.

ბანკების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები, მასში ნახსენები კომპანიები და ფიზიკური პირები საეჭვო საქმიანობის ფართო სპექტრს აჩვენებს, რაც კიდევ უფრო დიდ ეჭვებს იწვევს. 

დოკუმენტები წარმოშობს კითხვებს თუ რატომ არ იღებდნენ დასავლური ბანკები ქმედით ზომებს საკუთარი ეჭვების გადასაჭრელად, რომელიც მათი კლიენტების საქმიანობას ეხებოდა. 

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დოკუმენტების გაჟონვა, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას. უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ პუბლიკაციამ, შესაძლოა, მიმდინარე გამოძიების კომპრომეტირება მოახდინოს და საფრთხე შეუქმნას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც საკუთარ ანგარიშებს ფინანსთა სამინისტროს აწვდიან. 

ამასთანავე, ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გადაიხედოს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საერთაშორისო პროგრამები. 

მსგავსი გეგმების შესახებ განაცხადეს დიდ ბრიტანეთშიც. მოსალოდნელია, კომპანიების რეგისტრაციისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვების სისტემის რეფორმირება, რათა დასაწყისშივე გამოვლინდეს ფულის გათეთრებისა და თაღლითური სქემების საქმიანობა.  

წყარო: BBC

კომენტარები