არჩევნები 2020

დეკანოიძე ევსაქებზე: ვისურვებდი, კომპასს გეზი არ დაეკარგა, როცა ივანიშვილია ჩამოსაშორებელი

მთავარი არხი/screenshot

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ევროპული საქართველოს ლიდერები ნაციონალურ მოძრაობას თავს ესხმიან, რაც მისი შეფასებით ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. 

დეკანოიძე გიგა ბოკერიას ნათქვამს ეხმაურება, რომელმაც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი შეაფასა, რომ ის პარტიულ კოალიციას საერთოდ ვერ ხედავს. ბოკერიამ სააკაშვილის ნათქვამს "ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი" უწოდა. 

დეკანოიძის თქმით, მათი პარტნიორების თავდასხმები ივანიშვილს თავს კომფორტულად აგრძნობინებს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ [ევროპული საქართველოს] პარტიულ ლოზუნგში არის ესეთი მოწოდება, რომ ევროპული საქართველო - ეს არის კომპასი მომავლისკენ თუ სხვა ცვლილებებისკენ, მაგრამ მე ერთადერთს ვისურვებდი, რომ ამ კომპასს თავისი გეზი არ დაეკარგა ახლა, როდესაც ჩვენ უნდა ჩამოვიცილოთ ბიძინა ივანიშვილი. ბოლო პირველი 10 წუთი, რაც მე ვუსმენდი გიგა ბოკერიას იყო მიხეილ სააკაშვილზე და ენმ-ზე საუბარი და მხოლოდ ბოლო 5 წუთი იყო ბიძინა ივანიშვილზე საუბარი. 

როცა ჩვენი პარტნიორები საუბრობენ იმაზე, რომ ევროპული საქართველოს ლიდერშიფი არის მომავალი და ენმ და მიხეილ სააკაშვილი არის წარსული, ყველა კვლევაში ასახულია, რომ მათი პარტიის რეიტინგი არის ის რეიტინგი, რომელსაც ასე ვთქვათ, ვერ დავარქმევთ, რომ ადამიანები მათ მომავლის ხმად მიიჩნევენ". – ამბობს დეკანოიძე. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ამ არჩევნებზე უმრავლესობას, ან ნაციონალური მოძრაობა აიღებს, ან საქართველო დაიღუპება, დეკანოიძის შეფასებით, მათი პარტიის მიზანი გამარჯვებაა და არ ესმის პარტიების, რომლებიც არჩევნებზე გადიან და გამარჯვება არ სურთ. მისივე თქმით, მათ ასევე გათვიცნობიერებული აქვთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც სხვა პარტიებთან თანამშრომლობას გულისხმობს. 

"ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ თანამშრომლობას გამოვრიცხავთ რომელიმე პარტიასთან, პირიქით. ყველა ის პარტია, ვინც ვიქნებით პარლამენტში და ჩვენ გვექნება რასაკვირველია, ყველაზე დიდი წილი, აუცილებელია ამ ფორმით და კონფიგურაციით ვითანამშრომლოთ". – ამბობს დეკანოიძე ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.  

კომენტარები