აშშ-ირანი

აშშ-მ ირანისათვის გაეროს მიერ დაწესებული სანქციების დაბრუნება ცალმხრივად გამოაცხადა

მაიკ პომპეო
AP

აშშ-მ ირანისათვის გაეროს მიერ დაწესებული სანქციების დაბრუნება ცალმხრივად გამოაცხადა. ოფიციალური ვაშინგტონი იმუქრება, რომ დასჯის ყველას, ვინც ამ სანქციებს დაარღვევს.

"დღეს აშშ მიესალმება გაეროს მიერ ირანისათვის დაწესებული ყველა სანქციის დაბრუნებას". –განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

სანქციები ძალაში უკვე 20 სექტემბრიდან შევიდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პასუხს გასცემენ გაეროს წევრ ყველა ქვეყანას, რომელიც სანქციებს არ დაემორჩილება. ამერიკულ კომპანიებს სანქციების დამრღვევებთან თანამშრომლობა აეკრძალებათ. მათთვის დაიხურება აშშ-ს ბაზარი და ფინანსური ინსტიტუტები.

"თუ გაეროს წევრები საკუთარ ვალდებულებას ვერ შეასრულებენ, აშშ მზადაა გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება პასუხის გასაცემად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა ვერ მიიღოს სარგებელი გაეროს მიერ აკრძალული აქტივობებიდან". – თქვა პომპეომ.

კონკრეტულად რა ზომებზეა საუბარი ეს, სავარაუდოდ, ხვალ, 22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს გახდება ცნობილი.

აშშ-ს გადაწყვეტილებას არ იზიარებენ ირანის ბირთვული შეთანხმების წევრი სხვა ქვეყნები. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს მიერ სანქციების დაბრუნება არაკანონიერია.

აშშ-ს ქმედება დაგმეს ირანმა და რუსეთმა.

მაიკ პომპეომ ირანისათვის სანქციების დაბრუნების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 20 აგვისტოს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებაზე აშშ-ს ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

მექანიზმი, რომლიც აშშ-მ აამოქმედა, მოიცავს 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში ეტაპობრივად მოხსნილი სანქციების დაბრუნებას. მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ, ვინაიდან აშშ-მ შეთანხმება დატოვა, მას უფლება არ აქვს, სანქციების დაბრუნება მოითხოვოს.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუარესდა. ტრამპმა აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და მიზეზად დაასახელა, რომ ირანი შეთანხმების პირობებს არღვევდა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებდა. მას შემდეგ აშშ-მ ირანს არაერთი სანქცია დაუწესა.

კომენტარები