არჩევნები 2020

შამანიდი გახარიაზე: ვერ დაძლია სიღარიბე, ვერ დაიჭირა ლარი, კიდევ ბევრი ვერ, ვერ და ისევ ვერ

Facebook/ Sophie Shamanidi • სოფიო შამანიდი

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, სოფიო შამანიდი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სიტყვებს ეხმაურება, რომ "8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად". სოფიო შამანიდი აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ კიდევ ბევრი რამ ვერ მოასწრო, მათ შორის, ვერ შეამცირა კრიმინალი, ვერ დაძლია სიღარიბე, ვერ დაიჭირა ლარი და სხვა. 

"პრემიერმა გახარიამ აღიარა, რომ 8 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ქართული ოცნების მთავრობას გზები დაეგო, გაზიფიცირების და წყალმომარაგების პრობლემები მოეგვარებინა (ბევრ რეგიონში წყალს ჯერ კიდევ ვყიდულობთ), ინტერნეტი ყველა სოფელში ვერ გაიყვანა (კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება), ხიდები ვერ ააშენა და ა.შ.

მივმართავ გახარიას, ბატონო პრემიერო, შეგახსენებთ, რომ გარდა თქვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, კიდევ ბევრი რამ ვერ მოასწრო ქართული ოცნების მთავრობამ რვა წლის განმავლობაში. მაგალითად, ვერ შეამცირა კრიმინალი, ვერ დაძლია სიღარიბე, ვერ შექმნა სამუშაო ადგილები, ვერ ჩაატარა რეფორმა განათლების სისტემაში, ვერ განავითარა ეკონომიკა, ვერ დაიჭირა ლარი, ვერ შეამცირა ემიგრანტების რიცხვი და კიდევ ბევრი ვერ, ვერ და ისევ ვერ". – აღნიშნავს სოფიო შამანიდი.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე თქვა, რომ 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოეყვანათ. მისივე თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ ისიც დასძინა, რომ "ესეც არ იქნება სამყოფი".

კომენტარები