არჩევნები 2020

პრემიერი: საჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველო გვინდა

ედიტორი

"ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა, რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერეში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს".

"მარტივად რომ ვთქვათ - ჯანდაცვა, განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები - ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც თქვენთვის შეიქმნა და ეს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, შექმნა ფონდმა ქართუმ და ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი საფუძველია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც და საჩხერეც კიდევ უფრო გაძლიერდეს". – ამბობს გახარია.

პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს საჩხერეში ქართული ოცნება "ღირსეულად გაიმარჯვებს". გიორგი გახარიას თქმით, "ეს გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ საჩხერეს გამარჯვებას, ეს გამარჯვება ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას, რამეთუ საჩხერე არის ყველაზე კარგი მაგალითი - თითოეულმა ქართველმა, როგორც შეუძლია, როგორ უნდა მოუაროს თავის სამშობლოსა და კუთხეს და ეს მაგალითი ჩვენ ყველას მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა".

კომენტარები