არჩევნები 2020

კალაძე IPSOS-ის კვლევაზე: თვალი მოვკარი, ნაციონალური მოძრაობა კვლევებს აყალბებს

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე, მიიჩნევს რომ მთავარის დაკვეთით ფრანგული კვლევითი ცენტრის, Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ არის გაყალბებული.

"ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ და გუშინდელი კვლევის რეზულტატებს მოვკარი თვალი უბრალოდ და ერთი რამ შემიძლია ვთქვა, თუ წინა წლებში, მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულები არიან კვლევების გაყალბებით.

ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, შეიძლება, ამ კვლევებზე იყოს დავა და მსჯელობა, მაგრამ ის რაც გუშინ აჩვენეს, ყველაფერს ცდება". – თქვა კალაძემ.

მთავარი არხის დაკვეთით ფრანგული კვლევითი ცენტრის, Ipsos-ის კვლევა გუშინ გამოქვეყნდა. კითხვაზე, თუ ვის მისცემდა ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ქართულ ოცნებას ასახელებს, 15.5% ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს კი 5%. ასევე კვლევის მიხედვით, ხელისუფლების მუშაობით გამოკითხულთა 35% უკმაყოფილოა, 34% - მეტნაკლებად კმაყოფილი. ხოლო გამოკითხულთა 64%-მა თქვა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კომენტარები