ეკონომიკა

TAV Georgia: აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 15 წლის წინანდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდა

საქართველოში მოქმედი უმსხვილესი საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ მათ მიერ მართულ აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 15 წლის წინანდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. 

კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტრებს მართავს, სწორედ ამ აეროპორტებზე მოდის მგზავრთა ნაკადი.

"როდესაც TAV-მა ინვესტიცია განახორციელა საქართველოში 2005 წელს, ჩვენ წელი ჩავხურეთ 545 ათასი მგზავრით და ახლა 2020 წლის სექტემბერში სწორედ ამ კოვიდ გამოწვევის გამო, ჩვენ დავუბრუნდით 15 წლის წინანდელ რიცხვებს". – ამბობს TAV Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე, თეა ზაქარაძე. 

ზაქარაძე, ასევე, ამბობს, რომ მიმდინარე კრიზისი გაცილებით უფრო ხანგრძლივი და მწვავეა, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ზაქარაძის თქმით, აეროპორტი უკვე მერვე თვეა პრაქტიკულად გაჩერებულია და არ მუშაობს. 

ამავდროულად, კომპანიაში ამბობენ, რომ მუშაობა არ შეუჩერებიათ და თანამშრომლებს ხელფასი შეუნარჩუნეს, თუმცა უკვე შეიტანეს განაცხადა აღნიშნული მდგომარეობის ფორს-მაჟორად ცნობის შესახებ. 

ზაქარაძის თქმით, გასულ წელს დღის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დღეში საშუალოდ 100-125 ფრენა ხორციელდებოდა, ხოლო დღეისთვის იგივე მაჩვენებელი 8-10 ფრენის ფარგლებში მერყეობს. 

საქართველოდან პირდაპირი რეგულარული ფრენების უფლება მხოლოდ სამ ავიაკომპანიას აქვს - Lufthansa (თბილისი-მიუნხენი, კვირაში ორჯერ), Air France (თბილისი-პარიზი, კვირაში ორჯერ), Air Baltic (თბილისი-რიგა, კვირაში ორჯერ). 4 ოქტომბრიდან ამ ჩამონათვალს დაემატება, Wizz Air-ის ფრენა, ქუთაისიდან-რიგის მიმართულებით, თუმცა ეს ფრენა მხოლოდ კვირაში ერთხელ შესრულდება.

ასევე, ავიაკომპანია აირზენა ასრულებს თვეში რამდენიმე ჩარტერულ რეისს ბერლინის, ვენის, პარიზისა და ამსტერდამის მიმართულებით, ხოლო ეგეოსის ავიახაზები - ათენის მიმართულებით. გარდა ამისა, მთავრობამ სტამბოლოს, კიევის, დოჰისა და ვარშავის რეისზე ცალმხრივი ჩარტერები დანიშნა - მგზავრებს მხოლოდ თბილისიდან გაფრენა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას ამ დრომდე არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

ნათია თურნავამ დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენაზე პირველად გუშინ, 16 სექტემბერს ილაპარაკა. მან ევრონიუს საქართველოს ეთერში თქვა, რომ სექტემბერშივე აღადგენდა Wizzair-ი "გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენებს" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

"ასევე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair-ი აღადგენს ფრენებს.

რა სიხშირით იქნება, რა მიმართულებები იქნება არჩეული, ამაზე ორმხრივ რეჟიმში ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან და ყოველთვის ვნახულობთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამდენიმე თვეში". – თქვა თურნავამ. 

აღსანიშნავია, რომ ავიაციის სააგენტოს ნოტამის მიხედვით, რიგის, პარიზისა და მიუნხენის მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე შეწყვეტილია.

კომენტარები